ადვოკატი: ორი დანის გარდა, რომელიც საქმეში ფიგურირებს, სხვა დანაც არის გამოყენებული

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებით, გამოძიების მასალებში, ორი დანის გარდა, რომელიც საქმეში ფიგურირებს, კიდევ სხვა დანაც არის გამოყენებული.
ტარიელ კაკაბაძე განმარტავს, რომ დაცვის მხარე არამხოლდ იმ მტკიცებულებებზე ისაუბრებს, რაც გამოძიებამ ამ დრომდე მოიპოვა, არამედ, _ გარკვეულ სხვა მტკიცებულებაზეც. არსებობს პრეტენზია, კერძოდ, მისივე თქმით, მტკიცებულებათა მოპოვების დროს, არსებითად დაირღვა კანონის მოთხოვნები, თუმცა, ვაპირებთ, საქმის არსებითი განხილვის დროს, სხვა სახის მტკიცებულებებზეც გავამახვილოთ ყურადღება.
ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არის მტკიცებულებები, რომლის გასაჩივრებასაც გეგმავს.

“ამაზე უფრო დეტალურად, უფრო ვრცლად ჩვენ ვისაუბრებთ არსებითი განხილვის სხდომაზე. მართალია, პატივცემული პროკურორი ამბობს, რომ აქ მხოლოდ ორი დანა არის გამოყენებული და მეტი დანა არ ფიგურირებს, თუმცა, ჩვენი მოლოდინია, რომ მას შემდეგ, რაც მივიღებთ ექსპერტიზის დასკვნებს, აშკარად დადასტურდება, რომ არის ორზე მეტი დანა გამოყენებული,“ – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

ცნობისათვის, საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომის ეტაპი გრძელდება.
დღეს დაცვის მხარის მტკიცებულებების განხილვა მოხდება. დღესვე სასამართლომ უნდა უპასუხოს სხვადასხვა სახის შუამდგომლობებსაც, რომელიც გუშინდელ პროცესზე დააყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები