„იქნებ სჯობს, სხვანაირად მოვუაროთ ამ პრობლემას და ვიფიქროთ, როგორ შევამსუბუქოთ და ადამიანური გავხადოთ ნარკოპოლიტიკა“

,,ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის საკითხი, რაც ეხება ნარკოპოლიტიკას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში ქრისტეშობის სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გამოეხმაურა.

,,ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის საკითხი, რაც ეხება ნარკოპოლიტიკას და მე არაერთხელ გამისვამს იმისთვის ხაზი, რომ ჩვენ ქვეყანაში, ალბათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ იმას, რომ დასჯა და იძულება წლების, ათწლეულების მანძილზე უკეთეს შედეგს კი არ გვაძლევს, არამედ ბევრი ადამიანის დამსხვრეულ ცხოვრებას გვაძლევს, ალბათ, უნდა დავფიქრდეთ იმის თაობაზე – იქნებ სჯობს, სხვანაირად მოვუაროთ ამ პრობლემას და ვიფიქროთ, როგორ შევამსუბუქოთ და ადამიანური გავხადოთ ნარკოპოლიტიკა.
ასე რომ, დღევანდელი ეპისტოლე ჩემთვის არის იმის ახსნა, რანაირად შეიძლება გააძლიეროს პოლიტიკოსმა სკოლები, საბავშვო ბაღები, სოციალური დახმარება ოჯახისთვის და უფრო ლმობიერი გახადოს ნარკოპოლიტიკა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სადღესასწაულო ლიტურგიის დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი ილია მეორე მოინახულა და პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან ერთად აღავლინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები