სოფელ ვარდისუბნის ნათლისმცემლის ეკლესიის რესტავრაცია განხორციელდა

2017 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად, სოფ. ვარდისუბნის “ნათლისმცემლის” ეკლესიის რესტავრაცია განახორციელა.
როგორც „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განუცხადეს, ჩატარებული სამუშაოების შედეგად – ტაძარი გაიწმინდა ეკალ-ბარდებისაგან, მოიხსნა ძველი კრამიტი და გადაიხურა მეორადი ქართული კახური კრამიტით, გადაეწყო მორყეული ქვის წყობა პროექტში მინიშნებულ ადგილებში, შეივსო ნაკლული ქვის წყობა ფასადზე, ეკლესიას გაუკეთდა ექვსრიგად აგურის კარნიზი, ხოლო მინაშენს ორრიგად, აღდგა მინაშენის კარის თავზე ტიმპანი, იატაკზე დაიგო შერჩეული რიყის ქვა კირდუღაბზე, ძეგლის გარშემო დაიყარა ხრეში და მოიბელტა.
ძეგლი მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარდისუბნიდან სამხრეთით, ხევის პირას ეკლესია “დეკანოზურის” მახლობლად. იგი წარმოადგენს საშუალო ზომის დარბაზულ ნაგებობას დასავლეთის მინაშენით, რომელიც ნაგებია დიდი და საშუალო ზომის რიყისა და ქვიშაქვით კირის დუღაბზე. ეკლესია საგრძნობლად იყო დაზიანებული, თითქმის აღარ ჰქონდა შერჩენილი სახურავი, ჩამონგრეული იყო დასავლეთისა და სამხრეთის კარების ხის არქიტრავები, ასევე დაკარგული იყო კარების დირეები, თითქმის არ იყო შემორჩენილი „კარნიზები“, ასევე დასავლეთის კარის თავზე გაჩენილი იყო გამჭოლი ვერტიკალური ბზარი.
შემსრულებელი: შპს “ხუროთმოძღვარი”; პროექტის ავტორი: ნ.ბაკურაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები