„2017 წლის განმავლობაში, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის, უპრეცედენტოდ მჭიდრო თანამშრომლობა შედგა“

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის, 2017 წელს თანამშრომლობის შედეგებს აჯამებს.
როგორც საელჩოს შემაჯამებელ ინფორმაციაშია აღნიშნიული, 2017 წლის განმავლობაში, შეერთებულ შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის, უპრეცედენტოდ მჭიდრო თანამშრომლობა შედგა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ორმხრივი ურთიერთობებისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და აღსრულებას.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაღალი დონის შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ პენსთან, რომელიც პრემიერის მოწვევით ესტუმრა საქართველოს, ასევე გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ გენერალ მაკმასტერთან და მინისტრთა კაბინეტის ექვს წევრთან. მათ შორის, ორმხრივი თანამშრომლობისთვის პრიორიტეტული მიმართულებების ლიდერებთან: სახელმწიფო მდივან ტილერსონს დანიშვნის პირველივე კვირას შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, მინისტრების შეხვედრა შედგა თავდაცვის, კომერციის ხაზინის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.
2017 წელს განხორციელდა საკანონმდებლო დელეგაციების 8-მდე გაცვლითი ვიზიტი და 100-ზე მეტი ორმხირივი შეხვედრა აშშ-ის სენატორებთან და კონგრესმენებთან.
მთავრობებს შორის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, 2017 წელს საქართველოსთვის უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა დაფიქსირდა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გაფორმდა:
საკანონმდებლო დონეზე პირველად საქართველოს ოკუპაციის აღიარება მოხდა აშშ-ის 2017 წლის საბიუჯეტო კანონში.
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მხარდაჭერას ხაზი გაესვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში და ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში.
სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისა და გამშვები დანადგარების შესაძლო საგარეო სამხედრო გაყიდვის შესახებ, რაც განამტკიცებს ქვეყნის შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს თავდაცვის ეროვნული მოთხოვნები.
აშშ-საქართველოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა უსაფრთხოების დარგში შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის.
ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობის წლევანდელი შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსადმი აშშ-ის მაღალი დონის პოლიტიკურ მხარდაჭერას და პარტნიორობის მტკიცე გეზს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები