გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქს 85 წლის იუბილეს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს დაბადებიდან 85 წლის იუბილეს ულოცავს.
მთავრობის მეთაური მის უწმინდესობას დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ კიდევ დიდხანს მოღვაწეობას უსურვებს.
„დღეს ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების 85 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მინდა მოვიხარო ქედი მისი უწმინდესობის იმ ფასდაუდებელი და თავდადებული მოღვაწეობისთვის, რომელიც მან ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის 40 წლის განმავლობაში გასწია.
მისი ლოცვითა და დაუღალავი შრომით აღსაყდრების დღიდან დღემდე აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი; მისი ქადაგება კი, სათნოების, შემწყნარებლობის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის, განათლებისადმი სწრაფვის მოწოდებაა, რაც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას.
ნამდვილად ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს.
მინდა ვუსურვო მის უწმინდესობას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და კიდევ დიდხანს მოღვაწეობა ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მილოცვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები