სირიაში მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფრანგი ტერორისტი ქალი დააკავეს

ფრანგული მედია იუწყება, რომ საფრანგეთის მოქალაქე ემილი კენიგი, რომელიც გაეროს და აშშ–ის მიერ ყველაზე ძებნად ტერორისტების სიაში იყო შეყვანილი, ქურთმა მეამბოხეებმა სირიის ჩრდილოეთში დააპატიმრეს. კენიგი „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ბოევიკების რეკრუტირებას ახდენდა. დედამისის თქმით, ის შვილს წინა კვირის ბოლოს ტელეფონით ესაუბრა, ემილი ლტოლვილებისთვის განკუთვნილ ქურთების ბანაკში იმყოფება, მას დაკითხვებს უტარებენ და აწამებენ. ფრანგული პრესის მიხედვით, 33 წლის კენიგი რადიკალური ისლამის გავლენის ქვეშ პირველ ქმართან, ალჟირელ მამაკაცთან ურთიერთობის შემდეგ აღმოჩნდა. 2012 წელს მან საფრანგეთში ორი შვილი დატოვა და სირიაში გაემგზავრა.
კენიგმა ახალი სახელი–უმმუ ტავაბი მიიღო და „აი–სი–სი“–ს რიგებში 200–სზე მეტი ფრანგის რეკრუტირება მოახდინა. მისგან ისმოდა მოწოდებები საფრანგეთის სამთავრობო დაწესებულებებზე და ფრანგ სამხედროებზე თავდასხმების შესახებ. ქურთების ბანაკში ის იმ სამ შვილთან ერთად იმყოფება, რომლებიც სირიაში გააჩინა.
დაკავებულის დედა აპირებს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და მთავრობას მიმართოს, რათა დაეხმარონ შვილის რეპატრიაციაში, რომელიც ოჯახს, მეგობრებს და სამშობლოს ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები