შსს-მ ვაკეში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ლი განყოფილების და ამავე დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ორი პირი: 1973 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი მ.კ. და 1968 წელს დაბადებული თ.ზ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, მარუხის გმირების ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში შეიჭრნენ, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 2000 ფუნტი სტერლინგი, 1000 აშშ დოლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი და გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები