საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქალაქ თბილისში, მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელოს რეგიონებში, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახის უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციას ახდენდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 265 ბოთლი სხვადასხვა დასახელების ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელი – „Hennesy XO”, „CHIVAS REGAL“ „BELUGA“, „NEFT“, „FINLANDIA“. ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელის ღირებულება 14 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები