ტერორისტული საქმიანობის მატერიალურ მხარდაჭერაში ბრალდებულ სამ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერაში ბრალდებულ სამ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
პროცესი თავდაპირველად ღია იყო, თუმცა მოგვიანებით დაიხურა. პროცესს მხოლოდ ბრალდებულების – რუსლან ალდამოვის, ბადურ ჩოფანაშვილის და რამაზ მარგოშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები დაასწრეს.
პროცესი ღია მხოლოდ შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე იყო. მოსამართლემ სხდომა მას შემდეგ დახურა, რაც პროკურატურის შუამდგომლობა, სასამართლო განხილვების დახურულ რეჟიმში წარმართვასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილა.
როგორც ცნობილია, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ერთი დაკავებულის, ზურაბ გორნაკაშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გაიმართა და მას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. შეგახსენებთ, რომ სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი – თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ერთი პირი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები