7-წლიანი პატიმრობის მერე, დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავა გაათავისუფლეს

შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ, სოხუმის ციხიდან გიორგი ლუკავა გათავისუფლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
„დღეს, 25 დეკემბერს, სოხუმის დრანდის ციხიდან თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. იგი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე უკვე გადმოეცა. ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გიორგი ლუკავას ხანგრძლივი პატიმრობიდან გათავისუფლება შეაფასა, როგორც ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე თანამშრომლობისა და ურთიერთობის პოზიტიური მაგალითი”, – აცხადებენ უწყებაში.
თავად მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ეს არის იმ პოზიტიური თანამშრომლობის გაგრძელება და კიდევ ერთი კარგი პრეცენდენტი, რომლის ფარგლებშიც უკვე მოხდა სოხუმისა და ცხინვალის საპყრობილეებიდან ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება.
“ძალიან მიხარია, რომ თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა თავისუფალია და ახალ წელს საკუთარ ოჯახში – მეუღლესა და შვილებთან ერთად შეხვდება.
მადლობა ყველას ვინც ამ პროცესში ჩართული იყო და ამ მაღალი ჰუმანიტარული მნიშვნელობის მქონე საკითხის გადაწყვეტაში წვლილი შეიტანა. ეს უდავოდ პოზიტიურად აისახება სამშვიდობო პროცესზე და ნდობის აღდგენაზე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ცნობისათვის, წელს, 26 ნოემბერს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან თანამშრომლობის შედეგად 18 თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ცხინვალის ციხიდან სოფელ დისევის მკვიდრი, გიორგი გიუნაშვილი გათავისუფლდა, რომელსაც ასევე 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები