“იმ ადამიანებს, რომლებსაც ბატონი კვირიკაშვილი სიტყვით ემუქრებოდა, არათუ სიტყვით, არამედ, საქმით უნდა დაემუქრო”

“ამ შემთხვევაში ბატონ კვირიკაშვილს როგორც კაცი კაცს, ისე თანავუგრძნობ. მიმაჩნია, რომ მისი საქციელი ღირსებასთან მიახლოებული იყო”, – ამის შესახებ ადვოკატმა, უფლებადამცველმა და „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე კობაიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, პარლამენტში გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი თემა, რომელიც სამინისტროების ოპტიმიზაციას ეხება, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დადგმულმა მასკარადმა გადაფარა.
“ძალიან სამწუხაროა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციული ძალით არის წარმოდგენილი. თუმცა, მისი რეალური სახე, საზოგადოებამ რა ხანია, იცის. მათ კარგად ეხერხებათ ადამიანების წყობიდან გამოყვანა.
2012 წლიდან დღემდე, ჩვენ ვამბობთ, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს, მაგრამ ხელისუფლებამ აირჩია შერჩევითი სამართალი და ამის მეშვეობით კვირიკაშვილი აღმოჩნდა ამ სიტუაციაში. ხოლო ის მნიშვნელოვანი თემა, რომ 4 სამინისტრო გაუქმდა, ზოგადად, ძალიან კარგია ფინანსური და ეკონომიკური კუთხით და ის, რომ ბიუროკრატიული ხარჯები შემცირდა, _ გადაფარა ამ მასკარადმა რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დადგა. ეს არის, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია.
ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, როდესაც არ ცდილობ თემატურად იმუშაო პარლამენტში და მხოლოდ და მხოლოდ ხარ იმისთვის, რომ შოუ მოაწყო, მასკარადი დადგა და შემდეგ ამაზე საზოგადოება ალაპარაკო, თუ როგორ გამოიყვანე კონკრეტული პიროვნება წყობილებიდან და ა.შ. მე ამ შემთხვევაში, ბატონ კვირიკაშვილს, როგორც კაცი კაცს, ისე თანავუგრძნობ. მიმაჩნია, რომ მისი საქციელი ღირსებასთან მიახლოებული იყო, თუმცა გინებას არ ვგულისხმობ ამაში, რადგან პარლამენტში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. მაგრამ ის, რომ გაბრაზდა და ამ გაბრაზებაში შეეტყო პრინციპულობა, მომეწონა. იმედი მაქვს, რომ ის ასეთ პროვოკაციას აღარ წამოეგება. რაც მთავარია, იმ ადამიანებს, რომლებსაც ბატონი კვირიკაშვილი სიტყვით ემუქრებოდა, არათუ სიტყვით, არამედ, საქმით უნდა დაემუქრო. ბატონი მელია იქნება თუ სხვა პიროვნება, უამრავი კონკრეტული საქმეა. მაგალითად, როდესაც ქონებას ართმევდნენ, არღვევდნენ ადამიანის უფლებებს და ა.შ. იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით მოხდება მათთან საუბარი და არა პიროვნული შეურაცხყოფით. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, სამართალი აღდგეს”,-აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.
მან სამინისტროების ოპტიმიზაციის დადებით მხარეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ამდენი ბიუროკრატიული ხარჯი ზედმეტია. მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, ეს საკითხი არამხოლოდ პარლამენტში, არამედ რეგიონებშიც გაეცნოთ მოსახლეობისთვის.
“სამინისტროების ოპტიმიზაცია მისასალმებელია და ჩვენ თავიდანვე ამას ვამბობდით. ასეთი პატარა ქვეყნისთვის ამდენი ბიუროკრატიული ხარჯი ზედმეტია. იმედი გვაქვს, რომ ეს ოპტიმიზაცია მართლაც ფინანსური ოპტიმიზაცია იქნება და არა კადრების. რაც მთავარია, ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტირებული, რომ ესაუბროს ხალხს და არა მარგინალურ „ნაციონალურ მოძრაობას“. კარგი იქნებოდა ეს საკითხი არამარტო პარლამენტში, არამედ რეგიონებშიც გაეცნოთ მოსახლეობისთვის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესს. რაც არ უნდა კრიტიკული ვიყო გარკვეულ საკითხებში, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ამდენი ბიუროკრატია არ შეიძლება ასეთ პატარა ქვეყანაში, ამიტომ ამის შემცირებით უნდა წახალისდეს ბიზნესი და მეტი გასაქანი მიეცეს”,-განაცხადა ადვოკატმა, უფლებადამცველმა და „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე კობაიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები