გიორგი კვირიკაშვილი: ტყის ჩეხვის ალტერნატივა უნდა შევქმნათ, ძალიან სწრაფი ტემპით

“ჩვენ, ახლად შექმნილ სამინისტროსთან ერთად და სამართალდამცველი სტრუქტურების ჩართულობით, ომს ვუცხადებთ საქართველოში ტყის ჩეხვას”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეერთებით გარემოს დაცვის სამინისტროსთან, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. როგორც მან აღნიშნა, ეს იქნება მსხვილი, ძლიერი სამინისტრო, რომელშიც გარემოს დაცვის მიმართულებას ერთმნიშვნელოვნად ექნება ძალიან დიდი პრიორიტეტი.

“ეს იქნება ასევე სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანად, მთელი ჩვენი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო წარმოების მწვანე კონცეფციის ქვეშ გარდაქმნას და ევროპული სტანდარტების დანერგვას ჩვენს სოფლის მეურნეობაში. რა თქმა უნდა, გამოწვევები ამ მიმართულებით ბევრია და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ტყის უკანონო ჩეხვა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ახლად შექმნილ სამინისტროსთან ერთად და სამართალდამცველი სტრუქტურების ჩართულობით, ომს ვუცხადებთ საქართველოში ტყის ჩეხვას. ეს არ არის ლიტონი სიტყვები, თქვენ ამის შედეგებს დაინახავთ. ჩვენ ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. ამ გამოწვევას მე დღეს ვაღიარებ. ეს სერიოზული გამოწვევაა. იკვეთება სოფლად ტყის ჩეხვა, ამიტომ, ჩვენ ერთი მხრივ, უნდა გავამკაცროთ, მაგრამ მეორე მხრივ, ალტერნატივები უნდა შევქმნათ ძალიან სწრაფი ტემპით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები