თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ SNGP-ის ახალ ექსპერტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოში მოვლენილ ახალ ექსპერტებთან და ნატოს სამეკავშირეო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ როზარია პუგლისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანი ნატოელ სტუმრებს თავდაცვის სამინისტროს ძირითად პრიორიტეტებზე, მიმართულებებსა და ღირებულებებზე ესაუბრა. თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა პირებმა კი, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებს შეიარაღებული ძალების მიზნების, ამოცანებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

2014 წლის ნატოს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტი 15 ინიციატივას მოიცავს. პროექტებს ალიანსის წევრი ქვეყნებიდან მოვლინებული ექსპერტები ხელმძღვანელობენ, რომლებიც გამოცდილების გაზიარებისა და რეფორმების წახალისების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან თანამშრომლობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები