დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველო უნდა გახდეს ჰაბი, სადაც მოხდება ელექტროენერგიით ვაჭრობა

საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ენერგოსექტორის განვითარების შესახებ ისაუბრა.
მისი განცხადებით, საქართველოს უკვე შეთანხმებული აქვს 10-წლიანი განვითარების გეგმა, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და რეგიონების ერთმანეთან უკეთესი ენერგეტიკული დაკავშირებისთვის.

„მნიშვნელოვანია ის ვალდებულებები რომლებიც ჩვენ ენერგოგაერთიანებასთან მიერთებით ავიღეთ – უნდა შევქმნათ კონკურენტული გარემო და
მოხდეს ბაზრის გახსნა. აღებული ვადითი ვალდებულებებით, ბაზრის გახსნა ხდება 2018 წელს, 2019 წელს გვექნება ელექტროენერგიის ახალი ბაზრის მოდელი და 2020 წელს გაზის ახალი ბაზრის მოდელი”, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისივე განცხადებით, საქართველო უნდა გახდეს ჰაბი, სადაც მოხდება ელექტროენერგიით ვაჭრობა ისევე, როგორც დღეს ეს თურქეთში ხდება. „უნდა შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კანონმდებლობა. ეს ყველაფერი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ხელს შეუწყობს ახალი პროფესიების ჩამოყალიბებას, კერძო სექტორს მისცემს სწორად განვითარების საშუალებას, რათა სწორად დაგეგმოს როგორც ინვესტიციები, ასევე უკუგება” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაშიასევე ხაზი გაუსვა, რომ ენერგოეფექტურობა ჩვენს ქვეყანაში გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და ახალი სამშენებლო მასალების წარმოების სტიმულირებას.

„გეგმის სწორი იმპლემენტაციის შემთხვევაში ჩვენ 2020 წლისთვის 350 მეგავატის შესაბამისი სიმძლავრის დაზოგვა შეგვეძლება, 2030 წლისთვის კი – 600 მილიონი მეგავატის დაზოგვის შესაძლებლობა გვექნება. ამ მიმართულებით პარტნიორი საფინანსო ორგანიზაციები და გაერთიანებები ჩვენი მხარდამჭერები არიან, მათ შორის, ევროკავშირია ამ ინიციატივის პირველი მხარდამჭერი, საიდანაც ჩვენ მნიშვნელოვანი გრანტების მოლოდინები გვაქვს
და ამაზე მიდის მოლაპარაკებები. ასევე სულ ახლახანს დასრულდა მოლაპარაკება აზიის განვითარების ბანკთან 50 მილიონი დოლარის მიმართულებით”-
განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები