კახა კალაძე: კოჯრის ქუჩა №3-ში საყრდენი კედელი პირვანდელი სახით უნდა აღდგეს (ვიდეო)
“კოჯრის ქუჩა N3-ში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული საყრდენი კედელი პირვანდელი სახით უნდა იქნეს აღდგენილი”, – ამის შესახებ დღეს კოჯრის ქუჩა N3-ში მისულმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც თბილისის მერი კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით, საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკას გამოეხმაურა.
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში ძველი შენობების რეაბილიტაციისა და გამაგრების სამუშაოების დროს მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რათა მათი აღდგენა მოხდეს თავდაპირველი სახით და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის დადგენილი წესების სრული დაცვით. თბილისის მერის განცხადებით, მსგავსი სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები არა გამგეობამ, არამედ თბილისის განვითარების ფონდმა სტანდარტების შესაბამისად უნდა განახორციელოს.
დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, თბილისის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი.
კოჯრის ქუჩა №3-ში კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე მიიღო. როგორც დადგინდა, საფეხმავლო ბილიკის გასწვრივ მდებარე კედლის მდგომარეობა მწვავედ ავარიული იყო, რაც საფრთხეს უქმნიდა არა მარტო ამ მისამართზე მცხოვრებ მოქალაქეებს, არამედ ტროტუარზე ფეხით მოსიარულეებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, რაიონის გამგეობამ კედლის ავარიული ნაწილის დემონტაჟი განახორციელა, რის შემდეგაც, უმოკლეს დროში, კოჯრის ქ. №3-ში ახალი საყრდენი კედელი მოეწყო. აღნიშნულ მისამართზე არსებული ამორტიზებული ლითონის მოაჯირი კი დასაწყობდა.