ოზურგეთს თანამედროვე საბავშვო ბაღი ექნება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.
უწყების ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის ტემპებს და შესრულების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სისტემატურად ეცნობა.
ზურაბ ალავიძე ამჯერად ოზურგეთში იმყოფებოდა, სადაც მე-4 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
„მალე ოზურგეთს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი , ახალი საბავშვო ბაღი ექნება. პროექტის ფარგლებში კეთდება შიდა და გარე სამუშაოები, მოხდება ეზოს კეთილმოწყობა და შენობის საჭირო ინვენტარით აღჭურვა. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
პროექტის დასრულების შედეგად, 300-ზე მეტი აღსაზრდელი სკოლამდელ განათლებას კომფორტულ გარემოში მიიღებს.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 500 000 ლარზე მეტია“-აღნიშნულია ინფორმაციაში.