„ახალგაზრდა ადვოკატები“ GBA არჩევნების მონიტორინგს, ხმების დათვლის შემდეგ გამოაქვეყნებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2017 წლის 9 დეკემბრის არჩევნების თაობაზე მონიტორინგის შედეგებს, ხმის დამთვლელი კომისიის მუშაობის დასრულებისთანავე საზოგადოებისთვის ცნობილს გახდის. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2017 წლის 9 დეკემბრის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების კენჭისყრის დღიდამ ამ დრომდე, საარჩევნო პროცესს აკვირდება და მონიტორინგს ახორციელებს. ამჟამად დარჩენილია ასოციაციის მმართველობითი ორგანოების – აღმასრულებელი საბჭოს, სარევიზიო კომისიისა და ეთიკის კომისიის კანდიდატთა ხმების დათვლის პროცესი. ხმის დამთვლელი კომისია, სხვა სადამკვირვებლო წარმომადგენლებთან ერთად, ვიდეო-დაკვირვების ქვეშ, აგრძელებს მუშაობას და პროცესი მთლიანად გამჭვირვალეა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მონიტორინგი შეეხება კენჭისყრის დღის მიმდინარეობისა და საარჩევნო კომისიის მუშაობის პროცესის შეფასებას. ამასთან, ორგანიზაცია უკვე სწავლობს და საკუთარ შეფასებას წარმოადგენს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული იმ ვიდეომასალის თაობაზეც, რომელიც წარმოდგენას იძლევა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ამასთან, ორგანიზაცია აქცენტს გააკეთებს არჩევნების ჩატარების იმ რეგულაციებზე, რომელის მიხედვითაც მომზადდა 2017 წლის 9 დეკემბრის სარჩევნო პროცესი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს და მხარდამჭერს მოუწოდებს, ხმის დათვლისა და საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში ისეთი განცახდებებისგან, რომელიც მიმართულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ადვოკატის პროფესიისა და კოლეგიალური ურთიერთობების შეგნებული სახით დისკრედიტაციისკენ. ამასთან, ორგანიზაცია მიმართავს საზოგადოებას, არჩევნებში მონაწილე არც ერთი მხარის განცხადება, არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე, სარწმუნო ინფორმაციად არ მიიღოს.

ცნობისთვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და მმართველობითი ორგანოების არჩევნებს რეგისტრირებული 22 ორგანიზაცია აკვირდება. „ახალგაზრდა ადვოკატები“ დამკვირებელ ორგანიზაციად 2017 წლის 4 დეკემბერს დარეგისტრირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები