მამუკა მდინარაძე: ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციის განცხადებები ყოველგვარ ზღვარს მიღმაა

“ოპოზიციის განცხადებების პარადოქსულობის ხარისხი ყოველგვარ ზღვარს მიღმაა, რადგან ცვლილებებს თავად ეთანხმებოდნენ, დღეს კი აცხადებენ, რომ პროექტს მხარს არ უჭერენ”, –
ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე მსჯელობა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართება.
„ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება ვენეციის კომისიის მიერ იყო რეკომენდირებული. ცვლილებებზე, პრაქტიკულად, საერთო კონსენსუსი იყო მიღწეული, რადგან ამას პრეზიდენტი, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ეთანხმებოდნენ.
ამ ფონზე, ოპოზიციის განცხადებების პარადოქსულობის ხარისხი ყოველგვარ ზღვარს მიღმაა, რადგან ცვლილებებს თავად ეთანხმებოდნენ, დღეს კი აცხადებენ, რომ პროექტს მხარს არ უჭერენ.
მათი განცხადებები ლოგიკას მოკლებულია. მთავარია, რომ საქართველოს ისეთი კონსტიტუცია ექნება, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებაზე ორიენტირებული იქნება და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დიდი ხანი წარმატებით იმუშავებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ე.წ. ბონუსის სისტემა უქმდება და 2020 წელს, პოლიტიკურ პარტიებს ბლოკებად გაერთიანების საშუალება ერთჯერადად ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები