ბავშვთა ფსიქოლოგი: სკოლამ დაკარგა თავისი, როგორც ინფორმაციის მიმწოდებლის, ფუნქცია

“სადაც არ არის ბულინგის ალტერნატივა, იქ ყოველთვის ბულინგია, სადაც ურთიერთობა არ არის ურთიერთპატივისცემაზე, დახმარებაზე, მეგობრობაზე აგებული, ალტერნატივაც არაა”,- ამის შესახებ ბავშვთა ფსიქოლოგმა, ნინო გოგიჩაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან ბოლო დროს გახშირებულ ბავშვებსა და მოზარდებში ძალადობაზე საუბრისას აღნიშნა, ბულინგი სისტემური დეფექტია და ამას იწყებს ის, ვინც გადაწყვეტილების მიმღებია. თუმცა, მისივე თქმით, პოზიტიური მაგალითების სათანადოდ წახალისებაც არ ხდება.
“ეს პრობლემა თითქოს ერთი სათამაშოს ირგვლივ შემდგარ კონფლიქტს ჰგავს, რომელიც შეიძლება გადავაქციოთ დამანგრეველ ან შემქმნელ ძალად. კიდევ ერთი საკითხი რაც არის, ძალადობის გაშუქება გვიყვარს, ძალადობაზე ლაპარაკი გვიყვარს და საუბარი არ არის იმაზე, რომ ვიღაცა პატარა გოგო ემეგობრება სხვას, იმიტომ, რომ ის მარტო არ იყოს.  ასეთი მაგალითები არ არის სათანადოდ წახალისებული.
ხოლო რაც შეეხება ბულინგს, სადაც არ არის ბულინგის ალტერნატივა, იქ ყოველთვის ბულინგია, სადაც ურთიერთობა არ არის ურთიერთპატივისცემაზე, დახმარებაზე, მეგობრობაზე აგებული, ალტერნატივაც არაა. კვლევები აჩვენებს, რომ ბულინგი არ არის ბავშვების ბრალი, ეს არის სისტემური დეფექტი და რაც მთავარია, ამას არ იწყებს ბავშვი. ამას იწყებს ის, ვინც არის გადაწყვეტილების მიმღები. როგორც ხდება ძალაუფლების გადანაწილება, ისეთ შედეგს ვღებულობთ”,- აღნიშნა ნინო გოგიჩაძემ.
ბავშვთა ფსიქოლოგმა სკოლებში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მან თავისი ფუნქცია, როგორც ინფორმაციის მიმწოდებლის, დაკარგა.
“სკოლამ დაკარგა თავისი ფუნქცია, როგორც ინფორმაციის მიმცემის. ჩვენი განათლების სისტემა ვეღარ ეწევა თანამედროვე განათლებას.
ქცევით-ემოციური კომპეტენციის არ ცოდნასთანაც გვაქვს საქმე, რომელიც ადამიანს თავისი ემოციების გააზრების ხარჯზე და სხვისი ემოციების გაგების ხარჯზე, კონფლიქტურ სიტუაციაში, თავის გართმევაში ეხმარება.
მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერა იგრძნოს მოსწავლემ, მშობელმა, მასწავლებელმა, როცა ის რაღაცა პრობლემის წინაშე დგას. სისტემური ცვლილებაც გვჭირდება, რადგან სკოლა შეიცვალოს, მაგრამ ინდივიდუალურად მიღებული გადაწყვეტილებაც საჭიროა. როგორც კვლევამ აჩვენა, ინდივიდუალურად მიღებულმა გადაწყვეტილებამ, შეიძლება, ძალადობრივი კონტექსტი შეცვალოს. თუნდაც პოზიტიური მოვლენების გაშუქებას, სწავლა სჭირდება, ესეც ერთ-ერთი გამოწვევაა მედიისთვის”,- განაცხადა ბავშვთა ფსიქოლოგმა, ნინო გოგიჩაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები