ბოლნისის მერიაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ყველა ერთად შევიკრიბეთ, რათა ვისაუბროთ პრობლემებზე, მათი გამოწვევის მიზეზებსა თუ მოგვარების გზებზე.
მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტი მრავალეთნიკურია, ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ მრავალფეროვანი ეთნოსით. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ წლების მანძილზე თბილი, მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს, ერთმანეთის ტკივილი გვტკივა და სიხარული გვაერთიანებს.
ცენტრალური, სამხარეო თუ ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თითოეულმა თქვენგანმა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნოთ თავი”,- ამ სიტყვებით გახსნა დღევანდელი შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და სიტყვა ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილეს ზაურ დარგალს გადასცა.
საინფორმაციო შეხვედრაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა საზოგადოებას მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი, ასევე, არასამთვარობო სექტორის, „ქალთა ოთახის“, სახალხო დამცველის აპარატის, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და ბოლნისის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელიც.
შეხვედრისას საკუთარი პრობლემები კიდევ ერთხელ წამოწიეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა. მათი ძირითადი საკითხები ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრას შეეხებოდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადოებას განუმარტა, რომ ყველა სოფელში პრობლემების მოგვარება პრიორიტეტის მიხედვით მიმდინარეობს.
R