„დანა პირდაპირ გულში ჰქონდა დარტყმული“ – წყალტუბოში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

წყალტუბოში მოკლული 17 წლის ახალგაზრდის ახლობლები „კვირის პალიტრასთან“ მომხდარის სავარაუდო მოტივებზე საუბრობენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ქუთაისელმა გოგონამ ტელეფონი დაკარგა და ეჭვი ივერიკო ტორაძეზე მიიტანა. მან თორნიკესგან შეიტყო ტორაძის მისამართი, ქუთაისიდან ოფშკვითში სახლში მიაკითხა და მობილურის დაბრუნება მოითხოვა.
ტორაძე მიხვდა, რომ გოგონას მისი სახლის მისამართი თორნიკემ მისცა და ბიჭს ჯერ მუქარის შემცველი მესიჯი გაუგზავნა, შემდეგ კი, საქმის გასარჩევად თანაკლასელი ქუჩაში დაიბარა.
ბიჭები სასაფლაოს ტერიტორიააზე ჯერ წაკამათდნენ და მოულოდნელად ტორაძემ თორნიკეს გულში დანა ჩასცა. მეორე ვერსიით, ბრალდებული მოკლულს ფულს სძალავდა.
„როგორც ირკვევა, თანატოლებს შორის საქმის გარჩევას თვითმხილველები ჰყავს. ინციდენტის შემდეგ, ტორაძე გაიქცა. მეგობრებმა კი, დაჭრილი იქვე ახლო მოსახლის სახლში შეიყვანეს და სასწრაფოც გამოიძახეს. სამწუხაროდ, თორნიკე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამდღიანი ძებნის შემდეგ, ბრალდებული თბილისში დააკავეს.
მოკლულის ოჯახის წევრები ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლებას და მისი ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვენ. თორნიკე ბაღაშვილი დედისერთა იყო, ის სოფელში ბებიასა და ბაბუასთან იზრდებოდა, დედა, მაცაცო ცომაია, ტრაგედიის დროს საქართველოში არ იყო.“, -წერს „კვირის პალიტრა“.
„ტრაგედია ტრიალებს თორნიკეს ოჯახში. ივიკო მეზობლის ორ ბიჭთან ერთად მისულა თორნიკესთან. სახლში ყოფილა ბებიამისი და დაინახა, როგორ გაიყვანეს შინიდან მისი შვილიშვილი, მაგრამ რას წარმოიდგენდა, რომ მოუკლავდნენ. სიბნელე იყო და ბიჭები, ვინც ახლდნენ, ამბობენ, დანა თუ ჰქონდა ივიკოს, არც ვიცოდით და არც დარტყმა დაგვინახავსო“, -აცხადებს მოკლული ახალგაზრდას მეზობელი.
თორნიკე ბაღაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, ირაკლი შენგელიას თქმით, მისი დაცვის პირი მკვლელობას აღიარებს, თუმცა, საქმის კვალიფიკაციას არ ეთანხმება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მკვლელს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გარდაცვლილის დეიდა გვანცა ცომაია აცხადებს, რომ ბრალდებული თორნიკეს ფულს სთხოვდა.
„თორნიკე მშრომელი და წესიერი ბიჭი იყო. დილით სკოლაში დადიოდა, საღამოს მწვანილის საწყობში მუშაობდა და ბანკეტისთვის ფულს აგროვებდა. ის ბიჭი თორნიკეს სულ ფულს სთხოვდა. როცა თბილისში წავიდა, დავისვენეთ, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ისევ ჩამოვიდა. იცოდა, თორნიკეს ორი კაპიკი ჰქონდა დაგროვებული და ისევ დაუწყო შეწუხება. ბოლო ერთი კვირა თორნიკე არ გადიოდა გარეთ, ემალებოდა. სასაფლაო ჩვენი სახლიდან 200 მეტრშია. საღამოს რვის ნახევრისთვის თორნიკეს დაუძახა, გამოდიო. გაჰყვა ბავშვი და ზუსტად ნახევარ საათში ვიპოვეთ დაჭრილი. დანა პირდაპირ გულში ჰქონდა დარტყმული. ისიც თქვეს, ვითომ გოგოს გამო მოკლა, ესეც ტყუილია. გოგოს გამო თუ მოკლა, სად არის ის გოგო? თორნიკე ფულს რომ არ აძლევდა, ამიტომ მოკლა“, – აცხადებს გარდაცვლილის დეიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები