ირმა ქავთარაძემ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებისადმი მიძღვნილ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძე გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში კავშირი “საფარის” მიერ ორგანიზებულ შეხვედრას  დაესწრო თემაზე: „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში: არსებული პოლიტიკის და ინიციატივების ანალიზი“.  შეხვედრაზე  განიხილეს ანგარიში, რომელიც მომზადდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის“ გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში.

როგორც შეხვედრაზე ირმა ქავთარაძემ  აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ „აწარმოე საქართველოსთან“  და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად აქტიურად არის ჩართული ქალთა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაში.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) მჭიდრო თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით, შემუშავდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია (2016-2020 წლებისთვის) და შესაბამისი სამოქმედო გეგმა (2016-2017 წწ) (საქართველოს მთავრობის N100 დადგენილება, 26.02.2016). სტრატეგია მოიცავს შემდეგ 5 ძირითად, პრიორიტეტულ მიმართულებას და მათი განხორციელების შესაბამის ღონისძიებებს. თითოეული პრიორიტეტული მიმართულება მოიცავს ქვეპრიორიტეტებს, მათ შორის ერთ-ერთი ეხება ქალთა მეწარმეობის წახალისებას საქართველოში“ – განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, სტრატეგიის შესაბამისად, ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის და ბიზნესაქმიანობაში ქალების ჩართულობის მიზნით,  განხორციელდა ნაკლოვანებათა შეფასება და საჭიროებათა ანალიზი.

„ანალიზის შედეგების გათვალისწინებით შემუშავდა შესაბამისი ღონისძიებები ქალთა მეწარმეობის მხარდასაჭერად. ასევე, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით და მონაწილეობით ჩამოყალიბდა პლატფორმა, რომლის მიზანია დიალოგი და ქალთა მეწარმეობაში ჩართულობის გააქტიურების ხელშეწყობა. აქტიურად ხდება  ქალთა მონაწილეობა სახელმწიფო პროგრამებში, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების კომპონენტში და ინოვაციების ხელშეწყობის პროექტებში“,- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ირმა ქავთარაძის ინფორმაციით, 2016 – 2017 წლებში, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მხრიდან აქტიურად ხდებოდა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება, რომელშიც ქალ მეწარმეებს ენიჭებოდა განსაკუთრებული ყურადღება. მისი განცხადებით, 2017 წელს გამოცხადებული ახალი ეტაპის კრიტერიუმებში „ქალ მეწარმეთა წახალისება“ კვლავაც პრიორიტეტულია.

„მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში ქალი მეწარმეები შეადგენდნენ მთლიანი რაოდენობის  40%-ს (1940 ბენეფიციარი). 2016-2017 წლებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ჩაერთო პროექტში “ქალთა გაძლიერება”, რომლის 200-მდე მონაწილემ დაათვალიერა ტექნოპარკი და გაეცნო იმ შესაძლებლობებს, რასაც ქალ მეწარმეებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უქმნის. შემოქმედებითი ინდუსტრიების წახალისების მიზნით, GITA-ს მხარდაჭერით ტექნოპარკში გაიმართა ერთკვირიანი ვორქშოპი/TOT  „განაახლე უსარგებლო ნივთები ფაბლაბში“. პოლონელი სპეციალისტის მონაწილეობით გადამზადდა 20 ქალი მეწარმე, რომელებმაც ფაბლაბის მაღალტექნოლოგიური დანადგარის საშუალებით სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები შექმნეს, გაყიდეს და დაიწყეს ბიზნესსაქმიანობა“, – განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის და სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, 2016 წლის 3 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით შეიქმნა კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში არიან როგორც სამინისტროების, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. ამასთან, დაგეგმილია ქალთა მეწარმეობის განვითარების მიზნით აღნიშნულ საბჭოსთან შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (ქვესაბჭოს) შექმნა, რომლის შექმნის საკითხიც   დღის წესრიგში დადგა საბჭოს წევრი ასოციაციების მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები