11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 44%-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებმა, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად,  3 816 538 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (2 641 539 მგზავრი) 44.48%-ით აღემატება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 943 417 მგზავრს მოემსახურა, რაც 40.89%-ით (854 293 მგზავრით) მეტია, ვიდრე გასული წლის 11 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით, 484 527 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 59.11%-ით (180 012 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (304 515 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 55.80%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 11 თვეში აეროპორტი 243 918 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 380 026 მგზავრი შეადგინა – 136 108 მგზავრით მეტი.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში 6 881 მგზავრს მოემსახურა, რაც 2 899 მგზავრით, შესაბამისად 72.80%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 11 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (3 982). ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე მათი რაოდენობა 1 687-ს შეადგენს.

მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 5 399-ით მეტი რეისი განხორციელდა. მონაცემები ასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ – 19 496, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 16 538, ხოლო ჩარტერების 2 958. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 38.30%-ს შეადგენს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა 12.93%-ით იმატა. 2016 წლის 11 თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა 117 549 იყო, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი, საქართველოს საჰაერო სივრცეში 132 747 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

სატვირთო გადაზიდვების კუთხით, 2016-17 წლების 11 თვის მონაცემებს შორის ასევე ზრდა  დაფიქსირდა – საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 29 895, 652 ტონა შეადგინა, რაც 547 ტონით მეტია, ვიდრე წინა წლის 11 თვეში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები