”სამართალმა პური ჭამაო” – ზაზა შენგელია ორგანიზატორებს „Tbilisi Open Air“-ის წლის საუკეთესო მუსიკალურ ფესტივალად დასახელებას ულოცავს

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიაზე „Tbilisi Open Air“-მა 2017 წლის საუკეთესო ფესტივალის/ღონისძიების ჯილდო „Welcome to Georgia“ მიიღო.
„Tbilisi Open Air“-ის ორგანიზატორები ჯილდოსთვის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მადლობას უხდიან.
„მეგობრებო, „Tbilisi Open Air“-მა მიიღო 2017 წლის საუკეთესო ფესტივალის/ღონისძიების ჯილდო Welcome to Georgia • ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიაზე ❤
დიდ მადლობას ვუხდით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ჩვენი დაფასებისთვის!
დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს და კომპანიას, რომელიც მონაწილეობს ჩვენი ფესტივალის შექმნაში 2009 წლიდან დღემდე.
და განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ესწრება „Tbilisi Open Air-ს – ადამიანებს, ვისთვისაც ეს ფესტივალი კეთდება“, – აცხადებენ „Tbilisi Open Air“-ის ორგანიზატორები.
„Tbilisi Open Air“-ის მიერ მოპოვებულ წარმატებას ბრავო რეკორდსის” პრეზიდენტი ზაზა შენგელია ეხმაურება და ფესტივალის ორგანიზატორებს ჯილდოს მიღებას ულოცავს.
„ისინი წლიდან წლამდე თავიანთ ბინებს და ავტომანქანებს აგირავებდნენ ბანკში, იმისათვის რომ ჩვენთვის დიდი მუსიკალური დღესასწაულები ეჩუქებინათ…”სამართალმა პური ჭამაო”- ამაზეა ნათქვამი: საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წლის საუკეთესო მუსიკალურ ფესტივალად Tbilisi Open Air დაასახელა! ”ბრავო რექორდსი” ულოცავს ერთგულ მეგობრებს, საუკეთესო პარტნიორებს და თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულ ნამდვილ პროფესიონალებს – Tbilisi Open Air-ს ამ უდიდეს აღიარებას. ვინც საქმეში ჩახედული არ არის, იმათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ამ ბიჭებმა დიდი თავგანწირვის, უზარმაზარი შრომისა და წვალების ფასად, შექმნეს მსოფლიო დონის და სტანდარტების მქონე საოცარი მუსიკალური ფესტივალი და თანაც უდიდესი რისკის საფასურად – ისინი თავიანთ ბინებს და ავტომანქანებს აგირავებდნენ ბანკში, რომ ყოველ წელს მორიგი ფესტივალი ეჩუქებინათ ჩვენთვის, განსხვავებით ფესტივალების იმ გაზულუქებული ორგანიზატორებისაგან, რომლებიც წლობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს ღებულობდნენ გარანტირებულად, საკუთარი უნიჭოდ გაკეთებული ფესტივალების დასაფინანსებლად.
მე იმედი მაქვს, ეს იქნება შემობრუნების და ახალი ათვლის წერტილი ქართული მუსიკალური ბიზნესის განვითარების გზაზე, რაც ბევრ რამეს სასიკეთოთ შეცვლის და ბოლოს მოუღებს უსამართლობას ამ სფეროში. გილოცავთ, ჩემპიონებო! ეს ერთი და სხვა მრავალი“, – აღნიშნავს ზაზა შენგელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები