ყაზახეთში საქართველოს საელჩომ საქველმოქმედო საშობაო ბაზარში მიიღო მონაწილეობა

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საქველმოქმედო საშობაო ბაზარში მონაწილეობა მიიღო, სადაც ტრადიციულად  70–მდე ქვეყნის ეროვნული პროდუქცია და სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიების ნაწარმი წარადგინეს.

საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იქნა ქართული ალკოჰოლური, მინერალური და გამაგრილებელი სასმელები, მრავალფეროვანი სუვენირები, ქართული ტკბილეული, ასევე ქართული სამზარეულოს ფართო ასორტიმენტი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული საზოგადოებრივ-კულტურული ცენტრის „კოლხეთის” წარმომადგენლებმა. დიასპორის ფარგლებში მოქმედი ქართული ანსამბლის „ბაგრატიონის” მომღერლების მიერ სტუმრებისათვის შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები. მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს  სტენდმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მას 10 ათასამდე დამთვალიერებელი ეწვია. გამოფენიდან შემოსული თანხა ყაზახეთის რესპუბლიკაში არსებულ უპატრონო ბავშვთა სახლებს გადაეცემა. დამთვალიერებელთა სიჭარბის გათვალისწინებით საქართველოს საელჩომ სოლიდური კონტრიბუცია განახორციელა.

საქველმოქმედო ბაზრის ორგანიზატორები იყვნენ ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა მეუღლეები და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ღონისძიება სასტუმრო “რედისონში” გაიმართა. მასში მონაწილეობა ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტირებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და კომპანიებმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩო რეგულარულად მონაწილეობს საქველმოქმედო საშობაო ბაზარში, რაც ხელს უწყობს ქართული კულტურის, ისტორიის, ტრადიციებისა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას, ასევე ფართო მასებში ცნობადობის ამაღლებას ქართული წარმოების პროდუქციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები