ლანჩავა: საერთაშორისო პლატფორმები უნდა შეიქმნას, სადაც „ადვოკატთა ასოციაცია“ იქნება მაქსიმალურად ჩართული

“საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია” ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება. რა კურსს აირჩევს და რა რეფორმებია გასატარებელი ასოციაციაში _ საკუთარ ხედვასა და პრიორიტეტებზე, თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა საუბრობს.
დავით ლანჩავას განცხადებით, ადვოკატთა ასოციაციაში, პირველ რიგში, საჯარო სივრცის მაქსიმალურად გახსნაა საჭირო, რათა თითოეული მოქალაქისთვის ასოციაცია გამჭირვალე გახდეს.
“საჯარო სივრცის მაქსიმალურად გახსნა გულისხმობს ინტერნეტ-პორტალების ამუშავებას, როგორიც არის, ადვოკატის ხელმისაწვდომობა ყველასთვის. რომ ნებისმიერ მსურველს, საერთო ბაზით, ჰქონდეს წვდომა მობილური ტელეფონიდან, შეძლოს საზოგადოების ნებისმიერმა წევრმა, რომ სასურველი ადვოკატი იპოვოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი” , – მიაჩნია ლანჩავას. უფლებადამცველი განმარტავს, რომ კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ადვოკატებს შორის კომუნიკაცია და სპეციალური რეგულირების მექანიზმები, რაც მისი თქმით, ადვოკატებს თანაბარი განვითარების საშუალებას მისცემს. ლანჩავას განცხადებით, ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია, პარალელურ რეჟიმში, სასამართლო სისტემასთან კოორდინაცია. “საერთო მემორანდუმის გაფორმება ჩვენს კოლეგებთან და საერთო მიზნებისთვის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება, გულისხმობს იმას, რომ აბსოლუტურად ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატების თანამშრომლობა – ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ადვოკატთა კორპუსი არის მნიშვნელოვანი ნაწილი მართლმსაჯულების სისტემის” – აღნიშნავს ლანჩავა. ლანჩავას თქმით, ადვოკატთა ასოციაციამ მემორანდუმები უნდა გააფორმოს სახელმწიფო დაწესებულებებთან, როგორიცაა, განათლების სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, რათა მოხდეს, ადვოკატების მაქსიმალური ჩართულობა, როგორც საგანმანათლებლო, ასევე, საინვესტიციო პროექტებში. “დამთავრდა აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხედვაა გლობალური ეკონომიკური პირობების და ამ გამოწვევებში აუცილებელია, ადვოკატთა კორპუსი იყოს ჩართული, რამეთუ ადვოკატთა ასოციაციამ ხელი მოაწერა ჰონკონგის მემორანდუმს, რითაც მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ადვოკატების მონაწილეობა აბრეშუმის გზის პროექტში” , -აცხადებს ლანჩავა.
დავით ლანჩავას განმარტებით, ასოციაცია მრგვალი მაგიდის აქტიური წევრი უნდა გახდეს.
“ასოციაცია უნდა მუშაობდეს, როგორც კანონშემოქმედებითი კუთხით, ასევე ნებისმიერი თავისი წევრის, ადვოკატების პრობლემის იდენტიფიცირების, მათი აღმოფხვრის გზით და რაც მთავარია, მონაწილეობა უნდა მიიღოს, მარლთმსაჯულების განმჭვრეტადობის კუთხით. ყველა ადვოკატს უნდა შეეძლოს მონაწილეობდეს თავისი სპეციალიზაციის მიხედვით, რათა კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები აიმაღლოს”, – განმარტავს ლანჩავა.
ლანჩავა აცხადებს, რომ მართლმსაჯულების განვითარებისთვის ადვოკატების კოლეგებთან კომუნიკიციაა საჭირო. “ადვოკატისა და მოსამართლის, პროკურორის თანამშრომლობის გარეშე, ვერ განვითარდება ვერც მართლმსაჯულება და ვერც ადვოკატი. საერთაშორისო პლატფორმები უნდა შეიქმნას, სადაც ადვოკატთა ასოციაცია იქნება მაქსიმალურად ჩართული. არა ორი და სამი კაცით, არამედ მთლიანად, მთელი სისტემით და ინტერესებით. ეს სხვა სისტემაზე გადასვლას, გამჭირვალე 21-ე საუკუნის პრინციპებს გულისხმობს და არა ჩაკეტილ ვიწრო სივრცეს” , – აცხადებს უფლებადამცველი.
“საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარეობის კანდიდატი პირობას დებს, რომ არჩევის შემთხვევაში, ასოციაცია აპოლიტიკური, თავისი სპეციალობით მომუშავე პარტნიორი ორგანიზაცია გახდება ყველასთვის. “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში”, ახალ თავმჯდომარეს 9 დეკემბერს აირჩევენ. ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები