დაჭრილი მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

51-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, რომელიც გუშინ ხორავას ქუჩაზე დაჭრეს, ამ დრომდე რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დ.ს.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა, გუშინდელი ხანგრძლივი ოპერაციის შემდეგ, სტაბილურად მძიმე რჩება და მოზარდი ხელოვნურად მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
თუმცა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ დადებითი დინამიკაც შეიმჩნევა, რადგან სტაბილური რჩება სხვადასხვა სახის მაჩვენებელი. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ავთანდილ იმედაძის თქმით, პაციენტს გულ-მკერდისა და მუცლის არეში შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდა, ასევე, დაზიანებული ჰქონდა მაგისტრალური სისხლძარღვები, კერძოდ, ბარძაყის არტერია, ვენა და აღნიშნულის გამო, პრაქტიკულად, მოზარდის წნევა საავადმყოფოში შესვლისას ნული იყო.
შეგახსენებთ, რომ ნაშუადღევს, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დანით დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები