51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი მოზარდი გარდაიცვალა

თბილისში, 51–ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი ერთ-ერთი მოსწავლე, გარდაიცვალა. “კვირას” ინფორმაციით, გარდაცვლილი მე-11 კლასის მოსწავლე ლ. დ-შვილია.
როგორც  “კვირას” ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს, მოზარდს საავადმყოფოში შეყვანისას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა.
2 მოსწავლე ხორავას ქუჩაზე დანით რამდენიმე წუთის წინ დაჭრეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ერთმანეთს 51-ე და 53 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ. თუმცა, 53 -ე საჯარო სკოლის დირქტორმა ეკა გახარიამ აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
დაჭრის ფაქტს წინ მოსწავლეებს შორის ჩხუბი უძღვოდა.
„ჩვენი სკოლის ახლოს მოხდა ეს ინციდენტი. მშობლებიც ეზოში იყვნენ. როცა ჩხუბის ხმა გავიგეთ ყველანი ეზოში ჩავედით. ერთი დაჭრილი უკვე საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი, მეორეც დაჭრილი იყო. როგორც გავიგე, დანით დაჭრეს. ჩემი სკოლის არცერთი მოსწავლეს ამ ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია. გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად გამოვრიცხავ. როგორც მოსწავლეებისგან გავიგე, ჩხუბი 51 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და უცხო პირებს შორის მოხდა. ერთ-ერთი ძალიან მძიმედ იყო“, – აღნიშნა კვირასთან საუბრისას 53 -ე სკოლის დირექტორმა ეკა გახარიამ.

“კვირა” ინციდენტთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ამ დროისათვის ცნობილია, რომ 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე და პედაგოგები სამართალდამცველებთან დაკითხვაზე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები