„გირჩი” მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე: ეს ერთ-ერთი სწორად მიმავალი გზაა საქართველოში ნარკოპოლიტიკის გაადამიანურებისკენ

„ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი” საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მარიხუანას მოწევა-მოხმარება ლეგალური იქნება.
როგორც პარტიის წევრმა, იაგო ხვიჩიამ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტია ადამიანის უფლებების დაცვაში.
”ისტორიული დღეა 2017 წლის 30 ნოემბერი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში განვიხილავთ ორ რამეს – კანაფის მოხმარება არის ლეგალური, თუ რამდენიმე დღეში ან კვირაში გახდება ლეგალური. შეთანხმებული ვართ, რომ დეკრიმინალიზებულია და აუცილებლად ვდებთ პირობას, რომ საქართველოში, უახლოეს მომავალში საქართველოში მარიხუანას მოწევა-მოხმარება იქნება ლეგალური. ჩვენ დღეს პირველად გავარღვიეთ საბჭოთა კავშირის მიერ დაწესებული ზღუდე ნარკოტიკებთან დაკავშირებით. ჩვენ პირველად ვთქვით ადამიანზე, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არასოდეს იქნება კრიმინალი და ამ სიტყვების უკან დაბრუნება შეუძლებელია. შეუძლებელია უკან დაბრუნდეს საბჭოთა კავშირი”, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლებაა, თავად შეარჩიოს განტვირთვისთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს მომხმარებლის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს.
”რა თქვა სასამართლომ კონკრეტული გადაწყვეტილებით? სასამართლოს ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვებს წავიკითხავ დღევანდელ გადაწყვეტილებაში: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლებაა, თავად შეარჩიოს განტვირთვისთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, რაც წარმოადგენს მომხმარებლის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს. სინამდვილეში სასამართლომ თქვა, რომ სახელმწიფო უნდა შეეშვას პატერნალისტურ მიდგომებს ადამიანებზე, რომელიც აისახება არა მხოლოდ მარიხუანაზე, არამედ დროთა განმავლობაში აისახება ყველა ტიპის ნარკოტიკზე. ეს ერთ-ერთი სწორად მიმავალი გზაა საქართველოში ნარკოპოლიტიკის გაადამიანურებისკენ. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ იხსნება ყველა ნასამართლეობა, რომელიც კანაფთან დაკავშირებით ადამიანებს ჰქონდათ, დაბრუნდება ყველა მართვის მოწმობა, რომელიც ამ მუხლით აქვს შეჩერებული ადამიანებს”, – აღნიშნა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოქალაქეებმა გარკვეული საკითხები უნდა გაითვალისწინონ.
”ქვეყანაში გაჩნდება უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ ეს მოხდება და ამას არ უნდა შევხვდეთ გარკვეული შიშებით და გარკვეული არაცნობიერი და ქვეცნობიერი ინსტიქტებით. ყველანი უნდა ვიყოთ მომზადებული იმისთვის, რომ არასრულწლოვან ადამიანებს არ ჩაუვარდეთ ხელში ნარკოტიკული საშუალება, რათა არ მოხდეს ამ ფაქტების სხვადასხვაგვარი იმპლემენტირება იმ ადამიანების მხრიდან, ვინც არ გვიჭერდა მხარს”, – აღნიშნა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები