მარიამ ჯაში: რაც არ უნდა მკვდარი ეძახოთ ჩვენს მინისტრებს, მკვდრეთით ნამდვილად ვერ აღსდგება „ნაციონალური მოძრაობა”

„რაც არ უნდა მკვდარი ეძახოთ ჩვენს მინისტრებს, მკვდრეთით ნამდვილად ვერ აღსდგება „ნაციონალური მოძრაობა“, – ამ სიტყვებით უპასუხა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისს და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის რომან გოცირიძის რეპლიკას იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს მთავრობის კანცელარიაში არსებობს მკვდარი მინისტრების საზოგადოება“.
როგორც მარიამ ჯაშმა სხდომაზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა რომ მას არ სურდა გოცირიძესთან პოლემიკის გამართვა, მის ზოგიერთ განცხადებას უნდა უპასუხოს.
„თავს ვიკავებ პოლემიკაში შესვლისგან, ჩვენი ოპონენტების მიმართ არა იმიტომ, რომ პასუხები არ მაქვს, არამედ იმიტომ, რომ არ ვაპირებ დარჩენილი 3 წელი მოვახმარო აბსოლუტურად აბსურდულ განცხადებებზე პასუხს, რადგან პასუხი საზოგადოებამ გასცა მათ არჩევნების შედეგებით. უბრალოდ, არის საკითხები, რომელზეც არ შეიძლება არ დავაფიქსირო სიმართლე და რეალური სტატისტიკა. ძალიან ხშირად ხდება დამახინჯება როგორც დინამიკის, ასევე სტატისტიკის. როდესაც საუბარია, რომ 1 ლარითაც არ გაზრდილა ხელფასი, სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ გაზარდა 80%-ით საპენსიო ასაკის პროგრამის ფარგლებში პენსია. 2019-2020 წლებში იგეგმება დამატებით საპენსიო ანაზღაურება. ჩვენი ინტერესია, რომ პენსია იყოს გაზრდილი და ყველა საპენსიო ასაკის ადამიანს მაქსიმალური კეთილდღეობა შევუქმნათ. მედიკამენტებზე და სამედიცინო სერვისებზე როდესაც არის საუბარი, ნუ დაგავიწყდებათ, რომ სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ შეიმუშავა საყოველთაო ჯანდაცვა. ასევე, არასწორია, რომ ყოველი მე-6 ბავშვი შიმშილობს. საუბარია, რომ ყოველი მე-6 ბავშვი იყო 2013 წელს სიღარიბეში, მაგრამ ეს მონაცემი გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ შემცირებულია და როდესაც შიმშილობაზეა საუბარი, ეს არის მიკროელემენტებით გამოწვეულ შიმშილობაზე და საზოგადოება ნუ შეგყავთ შეცდომაში. სწორედ ამიტომ, ქვეყანამ შეიმუშავა რკინისა და ფოლიუმის მჟავის პროგრამა. თქვენ რაც არ უნდა მკვდარი ეძახოთ ჩვენს მინისტრებს, მკვდრეთით ნამდვილად ვერ აღსდგება „ნაციონალური მოძრაობა“ და ამას არ დაუშვებს ქართველი ხალხი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი ამერიკულ ფილმს „მკვდარი პოეტების საზოგადოებას“ შეადარა და აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობის კანცელარიაში არსებობს მკვდარი მინისტრების საზოგადოება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები