ხათუნა ზახაშვილი: ჯერ-ჯერობით გრიპის ვირუსის საშიშროება არ ჩანს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. მან გრიპის გავრცელების საშიშროებაზე, სეზონურ ვირუსებზე და რეკომენდაციებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, გრიპის ვირუსის მუტაცია, მიმდინარე სეზონზე, მოსალოდნელი არ არის. მისივე თქმით, პრევენციის მიზნით, არსებობს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ადამიანს იცავს გრიპის ყველაზე მძიმე გართულებისგან.
“პროგნოზის წინასწარ განსაზღვრა არ ხდება, მაგრამ მონიტორინგი მუდმივად ტარდება. ბოლო რამდენიმე წლის მონაცემით, დეკემბრის ბოლოს გამოჩნდება ვირუსი და იანვრის ბოლოს არის პიკი.
ვერ ვიტყვით, რომ ამ სეზონზე გრიპის ვირუსის მუტაციაა მოსალოდნელი, ვგულისხმობ ვირუსის შიგნით მუტაციას, რამაც შეიძლება ზომაზე მეტი ავადობა გამოიწვიოს მოსახლეობაში. თუმცა, ყოველწლიურად ხდება ახალი ვაქცინის შექმნა და გავრცელება ქვეყნებში იმუნიზაციისთვის, სეზონური გრიპის წინააღმდეგ.
გრიპის ვირუსი ერთადერთია, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს და პრევენციისთვის უნდა ჩაიტაროთ იმუნიზაცია. ეს გიცავთ მაღალი ავადობისგან, იცავს მძიმედ მიმდინარე დაავადებისგან და იცავს გრიპის ყველაზე მძიმე გართულებისგან. ეს განსაკუთრებით რეკომენდებულია ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ გრიპის გართულების ძალიან მაღალი რისკი. ახლა არის კარგი პერიოდი, ჩატარდეს გრიპის ვაქცინაცია, ის იქონიებს პროფილაქტიკურ შედეგს”, – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.
მან ვირუსის მინიმალურად გავრცელების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დაავადებული ადამიანები სასურველია სახლში დარჩნენ, რათა საზოგადოებაში არ გავრცელდეს მეტი ვირუსი. მისივე თქმით, ხელების ხშირი დაბანა, სველი წესით გახშირებული დალაგება და ოთახის განიავება აგარიდებთ ვირუსს.
“გირჩევთ არ გაავრცელოთ ვირუსი და ჩაიტარეთ ექიმის დანიშნულებით მკურნალობა. არ გაავრცელოთ ვირუსი ნიშნავს, რომ აირწვეთოვანი გზით, ანუ ახლო კონტაქტში არ იყოთ ადამიანებთან. მოგიწოდებთ, ვინც ხართ დაავადებულები, დარჩით სახლში, რათა არ გაავრცელოთ ვირუსი საზოგადოებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ინდივიდუალურად ხვდება ვირუსს. მშობლებსაც მოვუწოდებ, თუ ბავშვი ავადაა, არ გაუშვან სკოლაში.
ხელის შეხებითაც გადადის ვირუსი, ამიტომ ხშირად დაიბანეთ ხელები. სველი წესით გახშირებული დალაგება და ოთახის განიავებაც, ასევე, დაგვიცავს ვირუსისგან.
თუ დაავადდება მიმდინარეობს მძიმე ფორმით, გამოიხატება სიცოცხლისთვის საშიში ნიშნებით და მდგომარეობა ნელ-ნელა მძიმდება, უნდა მიმართოთ ექიმს.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არასდროს არაა გვიან, ახლა კარგი პერიოდია, სანამ გრიპის ვირუსი დაიწყებს ცირკულირებას, თუმცა, ჯერ-ჯერობით გრიპის ვირუსები არ ჩანს”,-განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები