2017 წლის “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” საქართველოში

მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმი” ტარდება. 2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის “აბრეშუმის ფორუმის” გაგრძელებაა და  მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესის, ბიზნესთან დიალოგისა და, ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების პლატფორმას წარმოადგენს. 2017 წლის აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად, თბილისში 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ჩამოვიდა.

თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში სასტუმრო „ბილტმორში” იმართება პანელი CAREC 2030: რეგიონის დაკავშირება საერთო და მდგრადი განვითარებისათვის. პანელს მოდერატორობას აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობისა და ოპერაციების კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორი საფდარ პარვეზი უწევს. პანელში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვენჩაი ჟანგი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ალან პიუ და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური კომისიის გარემოს დაცვისა და განვითარების სამმართველოს დირექტორი სტეფანოს ფოტიუ.

პანელი მოხსენებების შემდეგ დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდება, სპიკერები უპასუხებენ აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს, შედგება მსჯელობა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, კერძოდ: CAREC 2030-ის ახალი სტრატეგია; CAREC 2030-ისა და აბრეშუმის გზის შესაძლებლობების სინერგია; CAREC-ის წევრი ქვეყნების წვლილი რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლების განვითარებაში; ინვესტიციები და რეფორმები კავშირისა და თანამშრომლების გასავითარებლად; კერძო სექტორის როლი რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებაში; პარტნიორების როლი რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაში.

პანელის მიზანია, მოხდეს უფრო ძლიერი კავშირისთვის რეგიონალური და ქვეყნებსშორისი პროექტებისა და შესაძლებლობების დადგენა და მთავრობებისა და პარტნიორების მხრიდან რეგიონალური თანამშრომლობის ინიციატივის მხარდაჭერის დადასტურება.

ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა (CAREC) აერთიანებს 11 წევრ ქვეყანასა და პარტნიორებს, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ რეგიონის განვითარებაზე ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის მიმართულებით. არსებობის 16 წლის განმავლობაში, CAREC-ის მიერ წევრ ქვეყნებში განხორციელებული ინვესტიციები 30 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. 

CAREC 2030 ახალი გრძელვადიანი სტრატეგიული ჩარჩოა, რომელიც გაწერილია 2030 წლამდე. მისი მიზანია ღია და ინკლუზიური რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ადამიანებს, პოლიტიკას და პროექტებს საერთო და მდგრადი განვითარებისათვის.

CAREC-ის საქმიანობა მოიცავს ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის  სფეროების პრიორიტეტებს და ავლენს საქმიანობის ახალ სფეროებს. CAREC 2030 მოიცავს ხუთ განსხვავებულ მიმართულებას: ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა; ვაჭრობა, ტურიზმი და ეკონომიკური დერეფნები; ინფრასტრუქტურა და ეკონომიკური კავშირი; სოფლის მეურნეობა და წყალი;  ადამიანური განვითარება.

CAREC პლატფორმა მიესალმება არსებული და ახალი განვითარების პარტნიორებს. პარტნიორებს მოუწოდებენ, ხელი შეუწყონ დიალოგისა და ოპერაციების ჩატარებას პრიორიტეტულ მიმართულებებში. ხელს შეუწყობს წევრებისა და განვითარების პარტნიორებს შორის პოლიტიკურ დიალოგსა და უზრუნველყოფს ცოდნის ხარისხის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, CAREC 2030 ხელს შეუწყობს წევრებს შორის ბიზნესკონტაქტების გაღრმავებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები