“სახანძრო უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და სამშენებლო კომპანიები მკაცრად გაკონტროლდებიან”

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახანძრო უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და სამშენებლო კომპანიები მკაცრად გაკონტროლდებიან.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება სამშენებლო წესების დარღვევას.
“კიდევ ერთი საკითხი, რასაც მომდევნო წლების განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ, არის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება. ჩვენ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, 41-ე დადგენილებაში მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ახალი წესები მეტწილად სახანძრო უსაფრთხოებას ეხება. ჩვენთვის უპირველესად მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება. ამიტომ უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება სამშენებლო წესების დარღვევას,” – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ასევე დიდი ყურადღება მიექცევა უკანონო, უნებართვო და პროექტის გარეშე მშენებლობების საკითხსაც.
მან შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს დაავალა, რომ მოხდეს დროული დემონტაჟის მიმართვა იმიტომ, რომ ძალიან გახშირდა ქალაქში, სამწუხაროდ, ასეთი შენობა-ნაგებობები და ეს ამახინჯებს დედაქალაქის იერსახეს.
“მინდა ზედამხედველობის სამსახურს და მის ხელმძღვანელს, გიორგი ბაგრატიონს დავავალო მაქსიმალური ყურადღება და შესაბამისად, ძალიან მკაცრი ზომების მიღება. ასევე, დროული დემონტაჟის მიმართვა, იმიტომ რომ ძალიან მოხშირდა ქალაქში, სამწუხაროდ, ასეთი შენობა-ნაგებობები და ეს ამახინჯებს დედაქალაქის იერსახეს,”- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები