პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე „დაზარალებულთა კვირეულის“ ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე „დაზარალებულთა კვირეულის“ ფარგლებში, პროკურორებმა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, ოჯახში ძალადობის და დაზარალებულთა უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პროკურატურის პროკურორებმა, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებთან ერთად, „თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის“, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“, „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“, „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“, „კავკასიის უნივერსიტეტის“, „საქართველოს უნივერსიტეტის“, „გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის“, „ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ და „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სტუდენტებთან ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და დაზარალებულთა უფლებების შესახებ ისაუბრეს.
სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია დაზარალებულის უფლებების, ოჯახში ძალადობისა და ახალი დანაშაულის – ადევნების შესახებ. შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, ოჯახში ძალადობის ფორმების, მათი დაცვის მექანიზმების, დაზარალებულისა და მოწმის კოორდინატორის სამსახურის შესახებ.
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2017 წლის 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, „დაზარალებულთა კვირეული“ იმართება. კვირეულის ფარგლებში, თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არაერთი ღონისძიება განხორციელდება, მათ შორის, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და მოსახლეობასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები