ნინო ლომჯარია: ომბუდსმენი უნდა გააკრიტიკონ და ამისთვის მზად ვარ
“დიახ, სახალხო დამცველი უნდა გააკრიტიკონ და მზად ვარ ამისთვის, – ამის შესახებ ომბუდსმენის კანდიდატურაზე წარდგენილმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ლომჯარიას განმარტებით, სახალხო დამცველი არის პარლამენტის თვალი და ყური ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
”ომბუდსმენი არის პარლამენტის თვალი და ყური ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. პარლამენტთან ურთიერთობის და პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე ომბუდსმენი ეფექტური ვერ იქნება, რადგან პირველი მოკავშირე სახალხო დამცველისთვის არის პარლამენტი. მე პარლამენტს ვუყურებ როგორც მოკავშირეს და არა როგორც ოპონენტს, თუმცა ისეთ საკითხებზე, რაზეც ჩავთვლი, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებების დაცვას არ აუმჯობესებს, ძალიან კრიტიკული ვიქნები”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ლომჯარიას თქმით, მისი სურვილია, რომ როცა კრიტიკა პოლიტიკური პირების მხრიდან იქნება, კრიტიკა იყოს არგუმენტირებული.
”არსებობს კვეთა, ადამიანის უფლებების დაცვასა და პოლიტიკას შორის. ადამიანის უფლებების დაცვა არის პოლიტიკის ნაწილიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს პოლიტიკურ უფლებებს ეხება. შესაძლებელია იყოს კრიტიკა სახალხო დამცველის მისამართით. ჩემი პოზიციაა, რომ დიახ, სახალხო დამცველი უნდა გააკრიტიკონ და მზად ვართ ამისთვის, როგორც პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, თუ მედიის მხრიდან. ჩემი სურვილი და მოლოდინი იქნება, რომ როცა კრიტიკა პოლიტიკური პირების მხრიდან იქნება, კრიტიკა იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
გუშინ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარია ოფიციალურად წარადგინა.