გია გვაზავა: სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან დევნილთა პრობლემებს სათანადო ყურადღება არ ეთმობოდა

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს. შეხვედრაზე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავაც.
როგორც გია გვაზავამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარემ მათ ხუთივე ძირითადი ცვლილება გააცნო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინა.
„ცვლილებებში ის შენიშვნები, რაც ვენეციის კომისიას ჰქონდა, გათვალისწინებულია და ვფიქრობ, რაიმე შეფერხებები და წინააღმდეგობები არ უნდა იყოს. ჩვენ, როგორც აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს, გვქონდა საუბარი ორპალატიან პარლამენტზე, თუმცა, ვიაზრებთ იმასაც, რომ ამის განხორციელებას უამრავი პროცედურა სჭირდება“, – განაცხადა გია გვაზავამ.
რაც შეეხება სახალხო დამცველის კანდიდატურასა და მისი არჩევის საკითხის, გვაზავა აცხადებს, რომ წინა ომბუდსმენების მხრიდან, დევნილთა საკითხებს სათანადო ყურადღება არ ეთმობოდა.
გვაზავა იმედოვნებს, რომ ახალი სახალხო დამცველის პირობებში ვითარება გამოსწორდება.
„საბინაო საკითხები, განაწილება-გამოსახლების საკითხები, _ მეტ-ნაკლებად ერეოდა ამ თემებში სახალხო დამცველის აპარატი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს რაიმე დადებითი შედეგებით სრულდებოდა. ვფიქრობ, ახალი კანდიდატი ახალი ენერგიით შეუდგება მუშაობას, ჩვენც მოგვეცემა მასთან შეხვედრის, საუბრისა და დევნილების პრობლემების მისთვის გაცნობის საშუალება“, – აღნიშნა გია გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები