გია გვაზავა: აფხაზეთი დღეს, გარკვეულწილად, გახდა ნარკოტრაფიკის ერთ-ერთი ხვრელი

აფხაზეთი დღეს, გარკვეულწილად, გახდა ნარკოტრაფიკის ერთ-ერთი ხვრელი – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გვაზავა ვარაუდობს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა, რუსეთში არსებული ნარკოპოლიტიკით ხელმძღვანელობს.
„აფხაზეთში ძალიან გავრცელებულია ნარკომანია და თანმდევი დაავადებები, მათ შორის C ჰეპატიტი, შიდსი. ახალგაზრდობა ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ვფიქრობ, რომ აფხაზეთი დღეს, გარკვეულწილად, გახდა ნარკოტრაფიკის ერთ-ერთი ხვრელი. ვხვდები აფხაზეთიდან ჩამოსულ ადამიანებს, ისინი ამ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას და ძალიან წუხან“,- განაცხადა გია გვაზავამ.
რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის შესახებ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მცირე დოზით, საკუთარი მოხმარებისთვის ნარკოტიკის ქონა სისხლის სამართლებრივ დევნას აღარ დაექვემდებარება, გია გვაზავა თვლის,რომ ნარკოლიბერალიზაცია უკუშედეგებს მოიტანს.
„დაუშვებელია ზედა ზღვარის გაზრდა, მაგალითად 50 გრამი კოკაინის ტარების უფლების მიცემა მომხმარებლისთვის ძალიან საგანგაშოა. პროფესიით ბიოლოგი ვარ და ცოტა სხვაგვარად ვუყურებ ამ საკითხებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ვითომ მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებით მოწამლული ადამიანები მართალია არ არიან აგრესიულები, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი აქტიური მოხმარებისას ხდებიან არაადეკვატურები, მარტივად მართვადები. ყველა ნარკომომხმარებელი, ცხოვრების მანძილზე, 10-დან 15 ადამიანს ითრევს ნარკომანიაში, ცდილობს, რომ უმცირესობაში არ იყოს და თავის ირგვლივ საზოგადოება შეიქმნას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საჭიროა მეტი წინდახედულობის, სიფრთხილის გამოჩენა“,- აღნიშნა გია გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები