გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობა და პატივი იქნება კონტინენტებს შორის საიმედო კავშირების გაღრმავებაში მოკრძალებული წვლილის შეტანა

„საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალი ბიძგი მისცეს „აბრეშუმის გზის“ ფარგლებში სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირებასა და მათი ეფექტიანობის გაზრდას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დღეს მსოფლიო, ისევე, როგორც ევროპა და აზია, კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა, ასევე მრავლადაა შესაძლებლობები მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის.
“ჩვენი ფორუმის მიზანია, რომ სწორედ ეს შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ ყველამ ერთად და გადავდგათ ნაბიჯები ჩვენი ქვეყნების და ხალხების უკეთესი მომავლისათვის. საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობა და პატივი იქნება კონტინენტებს შორის საიმედო კავშირების გაღრმავების პროცესში საკუთარი მოკრძალებული წვლილის შეტანა. „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინება, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ „სარტყელი და გზის“ ინიციატივის სახით იქნა წარმოდგენილი და ეფუძნება 5 ძირითად პრინციპს: მშვიდობა, კეთილდღეობა, გახსნილობა, ინოვაცია და ცივილიზაციათა კავშირი – საჭიროებს აქტიურ საჯარო თუ კერძო სექტორის დიალოგს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კონფერენციაც ამის კარგ შესაძლებლობას მოგვცემს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს „აბრეშუმის გზის“ ფორუმს და მასში მონაწილეობას იღებს 37 ქვეყნის დელეგაცია და ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაცია.
“ფორუმისადმი ასეთი ინტერესი ცხადყოფს, რომ ეს ინიციატივა სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ მასში მონაწილე ქვეყნების, არამედ ყველასათვის, ვინც დაინტერესებულია მეტი მიღწევებით ვაჭრობის სფეროში, ინფრასტრუქტურის განვითარებით, ციფრულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდითა და ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებით. საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალი ბიძგი მისცეს „აბრეშუმის გზის“ ფარგლებში როგორც სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირებასა და მათი ეფექტიანობის გაზრდას, ასევე, იმ პროექტების განხორციელებას, რაც ევროპისა და აზიის ეკონომიკური და ცივილიზაციური კავშირების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.მინდა ხაზი გავუსვა, რომ მივესალმებით „სარტყელი და გზის” ინიციატივის ფარგლებში სხვადასხვა სატრანსპორტო დერეფნებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, რადგან მსგავსი კონკურენცია ხელს უწყობს მომსახურების გაიაფებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას და, შესაბამისად, ზრდის მოქალაქეების კეთილდღეობას”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები