გიორგი კვირიკაშვილი: ფორუმი შესაძლებლობას მოგცემთ, აქტიურად წარმოაჩინოთ თქვენი ხედვა, იდეები და ბიზნესპროექტები

„ჩვენი ფორუმი შესაძლებლობას მოგცემთ, დეტალურად გაეცნოთ ყველა ამ და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს და აქტიურად წარმოაჩინოთ თქვენი ხედვა, იდეები და ბიზნესპროექტები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა”თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და მის წამყვან სატრანსპორტო კვანძად გადაქცევის შესახებაც ისაუბრა.
”მილიარდობით დოლარის ინვესტირებას ვახორციელებთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ფართო ქსელის მშენებლობაში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდასა და მის წამყვან სატრანსპორტო კვანძად გადაქცევას.
განსაკურებით აღსანიშნავია საპორტო ინფრასტრუქტურის ახალი განვითარების ტალღა, რასაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის პროექტს ვუკავშირებთ, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო იქნება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ამ დერეფანში.
ძვირფასო სტუმრებო, ჩვენი ფორუმი შესაძლებლობას მოგცემთ, დეტალურად გაეცნოთ ყველა ამ და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს და ასევე, აქტიურად წარმოაჩინოთ თქვენი ხედვა, იდეები და ბიზნესპროექტები.
იმედი მაქვს, დღევანდელი ფორუმი საფუძველს ჩაუყრის მრავალ ახალ წამოწყებას და ინიციატივას, რათა ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით, „დიდი აბრეშუმის გზის“ ამბიციურ პროექტში მონაწილე ქვეყნებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და კომპანიებმა, და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნების მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის ამოქმედებით.
დღევანდელი შეკრება და ჩვენი ფორუმი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენი, როგორც საჯარო და კერძო სექტორის ლიდერების ვალია, შევქმნათ განვითარების მაქსიმალური პირობები და შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი კარგად აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, თანამშრომლობითა და კონსტრუქციული მიდგომებით, ღირსეული თანამედროვეობა და მდგრადი მომავალი შევუქმნათ ჩვენს მოსახლეობას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ფორუმში მონაწილე დელეგატებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და იმედი გამოთქვა, რომ მათი ვიზიტი საქართველოს შესახებ, სასიამოვნო შთაბეჭდილებებით იქნება დატვირთული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები