კომიტეტის სხდომაზე 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახადები დააზუსტეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, ცვლილებები ძირითადად დაკავშირებულია 2018 წელს დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებასთან. მისი თქმით, გასული წლის ნოემბერში 2017 წლის ბიუჯეტი და 2017-2020 წლების ფისკალური ჩარჩო მომზადდა და ის მთლიანად დაფუძნებულია იმ სამთავრობო პროგრამის განხორციელებაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ნოემბერში ნდობა გამოუცხადა.
„აღნიშნული პროგრამის ძირითადი ნაწილი დაფუძნებულია მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელებასთან, რომლის ერთ-ერთი და ყველაზე მასშტაბური თანხების საჭიროების მქონე სივრცითი მოწყობის მიმართულებაა. აღნიშნულის ფარგლებში, დაგეგმილია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულება, სამხრეთ-ჩრდილოეთის კორიდორის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ასევე, ტურისტული და შიდასახელმწიფოებრივი გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, „ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის” საერთაშორისო დღესთან – 25 ნოემბერთან დაკავშირებით, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით განხორციელებული საქმიანობის შესახებ, შესაბამისი უწყებების ანგარიშები მოისმინა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმა გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობაზე, სამოქმედო გეგმასა და მისი განხორციელების ეტაპებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საბჭო 2017 წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ამ მიმართულებით მუშაობაში. მან მიმოიხილა სახელმწიფოს გენდერული პოლიტიკა. ნინო წილოსანის გამოსვლა შეეხო იმ გამოწვევებსაც, რომლებიც თან ახლავს მე-5 მიზნის განხორციელებას საქართველოში და ყურადღება გაამახვილა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტი თავისი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში მონიტორინგს უწევს ამ ცვლილებების განხორციელების გზებს და აკვირდება, თუ რა მიმართულებებითაა საჭირო მეტი ძალისხმევა ახალი კანონების ეფექტიანი აღსრულებისთვის.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გენდენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარემ, გოჩა ლორთქიფანიძემ კომისიის მიერ განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები გააცნო კომიტეტის წევრებს.
მისი ინფორმაციით, უწყებათაშორისი კომისია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სხვა სააგენტოების ადვოკატირებითა და ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა. მასში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის, იურიდიული დახმარების სამსახურის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები ერთიანდებიან. კომისია წარმოადგენს სტამბოლის კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ მაკოორდინირებელ ორგანოს, რომელიც კონვენციის მოქმედების სფეროში შესული საკითხების შესრულებასაც აკვირდება. მისივე თქმით, კომისიაში შეიქმნა სამი თემატური ჯგუფი, რომელთა მუშაობაში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან ჩართული.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნული მიმართულებით გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა გენდენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელზეც სამინისტრო მუშაობს ქალთა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიზნით. ამ მიმართულებებს შორის მან დაასახელა: პრევენცია, მყისიერი რეაგირება, კვალიფიკაციის ამაღლება და პარტნიორ უწყებებთან კოორდინაციის გაუმჯობესება.

ანგარიში წარმოადგინა, ასევე, სქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა, სალომე შენგელიამ, რომელმაც ყურადღება არსებული სიტუაციის ანალიზზე გაამახვილა. განხორციელებული ღონისძიებები გააცნო დეპუტატებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, თამარ ბარკალაიამ.

ანგარიშების მოსმენის შემდეგ, სხდომა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ანგარიშებში რამდენიმე მიმართულება გამოიკვეთა. „მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ დაიწყო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ღონისძიებების გატარება, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, რაშიც სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, დიდი წვლილი ჩვენს დონორ ორგანიზაციებს მიუძღვით”, – აღნიშნა სოფო კილაძემ. მან აღნიშნული საკითხის მოწესრიგებაში რელიგიური კონფესიების როლზე გაამახვილა ყურადღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები