განათლების მინისტრს ოთხი მოადგილე ეყოლება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს ოთხი მოადგილე ეყოლება. მინისტრის პირველი მოადგილე კვლავ ქეთევან ნატრიაშვილი იქნება. თანამდებობებზე დარჩებიან ასევე მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია, ხოლო მეოთხე მოადგილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკოსი ალექსანდრე თევზაძე გახდება.

ალექსანდრე თევზაძემ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, შემდეგ კი, წარჩინებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. 1999 წელს, ის ლეუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრის დოქტორანტი გახდა, სადაც 2006 წელს,  მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მათემატიკაში (ასტროფიზიკის სპეციალობით).

2005 წლიდან დღემდე, ალექსანდრე თევზაძე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა პოსტდოქტორანტის პოზიციებზე ტურინის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა (იტალია) და პარიზის ობსერვატორიაში მედონში (საფრანგეთი). ამავდროულად, აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის, მეცნიერ თანამშრომლის, ასოცირებული მკვლევარისა და მკვლევარის თანამდებობებს იკავებდა.

ათობით პუბლიკაციის ავტორი ალექსანდრე თევზაძე 2009 წლიდან არჩეულია თსუ-ს ასოცირებულ პროფესორად, ხოლო 2012 წლიდან, კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (აშშ) ფიზიკის დეპარტამენტის მოწვეული ასოცირებული პროფესორია.

რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის დეპარტამენტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას,  მიმდინარეობს ინტეგრაციისთვის მზადება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები