“დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელებული სპეცოპერაცია არ ნიშნავს იმას, რომ ეს იყო წარუმატებელი”

“დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელებული სპეცოპერაცია არ ნიშნავს იმას, რომ ეს იყო წარუმატებელი ოპერაცია”, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ის გუშინ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტერორისტებმა კარგად იცოდნენ ურბანისტულ საბრძოლო მოქმედებაში ტაქტიკა. თუმცა, ამ მიმართულებით ბევრი რამ იყო გათვალისწინებული.
“ტერორისტებმა კარგად იცოდნენ ურბანისტულ საბრძოლო მოქმედებაში ტაქტიკა. მათ მოახერხეს რამდენიმე შეტევის შეჩერებაც. დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელებული სპეცოპერაცია არ ნიშნავს იმას, რომ ეს იყო წარუმატებელი ოპერაცია. შესაძლოა ტერორისტებზე იყო მწირი ინფორმაცია, ან საერთოდ არ იყო. ჩანდა, რომ მათ ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი. როგორი ტიპის შეიარაღება ჰქონდათ, იყო თუ არა ასაფეთქებლები, იყო თუ არა საშიშროება, რომ მომხდარიყო მასობრივი აფეთქება, რომელიც გამოიწვევდა დიდ მსხვერპლს მშვიდობიან მოქალაქეებში, ეს ყველაფერი იყო გათვალისწინებული”,-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
მისივე თქმით, დასახლებული ადგილიდან გამომდინარე, ტერორისტებთან მისვლა საკონტაქტოდ ძალიან რთული იყო. ექსპერტმა დადებითად შეაფასა ის ფაქტიც, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაზარალებულან.
“ტერორისტები აკონტროლებდნენ მთელ პერიმეტრს, რადგან კარგად დასახლებული ადგილია, ამიტომ მათთან მისვლა საკონტაქტოდ ძალიან რთული იყო. როგორც ჩანს, მასშტაბური სპეცოპერაცია არ უნდა განხორციელებულიყო, მხოლოდ ოპერატიული საკვლევი ტიპის ღონისძიება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამის საჭიროება შემდეგ გახდა აუცილებელი. ეს ნიუანსებია, რომლებიც შეგვიძლია გამოვიტანოთ სპეცოპერაციიდან.
დადებითად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაზარალებულან, თუმცა ხარვეზები იყო”,-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
სამხედრო ექსპერტმა ტერორიზმის საფრთხეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მასთან ბრძოლაში დაზღვეული არავინაა. მან ჩატაევის ფაქტორზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სანამ გარკვეული დეტალები არ დაზუსტდება, ამაზე საუბარი ძალიან ძნელია.
“ტერორისტული ქსელები როცა იქმნება, ეს ერთი წერტილი არ იქნება. რამდენი “ბუდე” არსებობს, ეს ცალკე საუბრის თემაა და შესაბამისი ორგანო გააკეთებს განმარტებას.
ჯერ-ჯერობით უცნობია ტერორისტების ვინაობა, ამიტომ სანამ არ დადგინდება მათი რაოდენობა, იდენტობა, თუნდაც არ მოხდება გვამების ჩვენება საზოგადოებისთვის, რას წარმოადგენდნენ ეს პირები, ამის თქმა რთულია, ჩატაევის ფაქტორიც რამდენად იყო აქ, ესეც ძნელი სათქმელია.
რამდენი ტერორისტი იყო, ეგ არის მთავარი და რამდენია მოკლული. ტერორიზმთან ბრძოლაში არავინ არის დაზღვეული”,- განაცხადა სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან გუშინ, დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახის წევრებსა და ახლობლებსაც მიუსამძიმრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები