BBC-ი თბილისის სპეცოპერაციას ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის

BBC-იმ თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა.

ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, ქვეყნის ანტიტერორისტულმა ძალებმა ალყა მრავალბინიან სახლს შემოარტყეს, სადაც ეჭვმიტანილი მებრძოლები იმყოფებოდნენ.

როგორც BBC-ი წერს, “ტერორისტული ჯგუფის” წევრებმა უარი თქვეს პოლიციისთვის დანებებაზე და შიგნიდან ყუმბარებს ისროდნენ.

მედია ყურადღებას ამახვილებს ბოროტმოქმედების ეროვნებაზე. BBC-ის ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, შენობაში მყოფები უცხოეთის მოქალაქეები არიან. მეორე ვერსიით კი, ისინი პანკისის ხეობიდან არიან, სადაც ეთნიკურად ჩეჩნები ცხოვრობენ, რომელთა წარმომადგენლები სირიაში ჯიჰადისტებს შეუერთდნენ.

BBC-ის რეპორტაჟი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ  გავრცელებულ განცხადებასაც იყენებს, რომლის თანახმადაც 1 პირი დააკავეს.

მედიის ცნობით, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ჯიჰადისტებთან დაკავშირებული არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. თუმცა გავრცელებული ცნობით, დაახლოებით 50 ქართველი სირიასა და ერაყში დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძვის.

უფრო ადრე თბილისის სპეცოპერაციაზე Al Jazeera-მაც დაწერა.

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე საათის წინ დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. ერთ-ერთი ასეთი სროლის დროს კი სპეცრაზმელი დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოში რამდენიმე ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაცია ღამით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები