ვინ არის პანკისის მკვიდრი, რომელსაც ეკუთვნის ბინა, სადაც შეიარაღებული პირები არიან გამაგრებულნი

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე N46–ე კორპუსის მე–2 სართულზე მდებარე ბინა, სადაც ამჟამად სპეცოპერაცია მიმდინარეობს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრებ ა. ჯ.-ს ეკუთვნის.

ბინა მფლობელმა რამდენიმე თვის წინათ, მისი ცოლის ძმის, 38 წლის რ.გ -ს დახმარებით გააქირავა, რომელიც ასევე პანკისის ხეობის მკვიდრია.

​როგორც სააგენტო „რეგინფო“ იტყობინება, სატელევიზიო არხებით გავრცელებული ვიდეომასალის ნახვის შემდეგ, ა. ჯ.-ის ოჯახის წევრებმა, მათ აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს.

​მათივე ინფორმაციით, ბინის დამქირავებლებს ოჯახის წევრები გუშინ, გვიან ღამის შემდეგ ვეღარ უკავშირდებიან.

„გუშინ, ღამის 12 საათის შემდეგ ვურეკავთ და ტელეფონი გამორთული აქვს. ვეღარ ვუკავშირდებით. არ ვიცით დაკავებულია თუ არა“, – აცხადებს ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი.

ნათესავების თქმით, ასლანბეგის ცოლისძმა თბილისში სამშენებლო ობიექტზე მღებავად მუშაობდა, რამდენიმე თანასოფლელთან ერთად. თანასოფლელები მას დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ რადიკალურ დაჯგუფებებთან ან ტერორიზმთან მას არანაირი კავშირი არ ჰქონია.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბინა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა იქირავეს.

აღსანიშნავია, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრეტერორისტულომა ცენტრმა, სპეცოპერაცია გუშინ გვიან ღამით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ასევე, გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით.
“პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით, ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია”,_ ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები