ჩეხეთში საქართველოს საჯარო მოხელეებისთვის სასწავლო ვიზიტი გაიმართა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  თანამშრომლებმა  სახიფათო ნივთიერებებით გამოწვეული მასშტაბური ავარიების საფრთხეების კონტროლის შესახებ დანერგილი კანონმდებლობა შეისწავლეს.  ქართველმა და ჩეხმა მონაწილეებმა ერთმანეთს ცოდნა და  შესაბამის სფეროებში გამოცდილება გაუზიარეს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა დაძმობილების პროექტმა “საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების სფეროში ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოებისა და მისი იმპლემენტაციის მიზნით“ ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოსდაცვითი ინფორმაციის სააგენტოსთან (CENIA) თანამშრომლობით,  სასწავლო ვიზიტი განახორციელა ჩეხეთის რესპუბლიკაში. სასწავლო ვიზიტში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ათმა თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო, რომლებსაც თან ახლდნენ დაძმობილების პროექტის გუნდის წევრები. ვიზიტი 5 დღის განმავლობაში გაგრძელდა.

სასწავლო ვიზიტის მთავარ მიზანს ჩეხეთის რესპუბლიკაში სახიფათო ნივთიერებებით გამოწვეული მასშტაბური ავარიების კონტროლის შესახებ კანონმდებლობის დანერგვის საკითხები წარმოადგენდა. აღნიშნული კანონმდებლობა დაფუძნებულია ე.წ. “სევესოს დირექტივების“ ტრანსპოზიციაზე. ეს არაოფიციალური სახელი დაერქვა ევროკავშირის მიერ თანმიმდევრულად მიღებულ სამ დირექტივას, „სევესოს კატასტროფის“ გამო – სამრეწველო ავარია, რომელიც1976 წელს, იტალიის ქალაქ სევესოში მოხდა. ამ ავარიამ გამოიწვია  სახიფათო ნივთიერების (დიოქსინი TCDD) ძლიერი ზემოქმედება მოსახლეობაზე. გარდა ამისა, ვიზიტის მსვლელობისას განიხილებოდა ევროკავშირის სამრეწველო გაფრქვევების დირექტივაზე დაფუძნებული კანონმდებლობის დანერგვა, ვინაიდან ყველა დათვალიერებულ ობიექტზე  ორივე საკანონმდებლო აქტის მოქმედება ვრცელდება.

სასწავლო ვიზიტისას  შეხვედრები ჩატარდა ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს სამინისტროში, ჩეხეთის გარემოსდაცვით ინსპექტორატში, ჩეხეთის ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტსა და ცენტრალური ბოჰემიის რეგიონის რეგიონულ გარემოსდაცვით უწყებაში.

განხორციელდა ვიზიტები ქიმიური მრეწველობის 2 საწარმოში და ქიმიური და ფერადი ლითონების გადამამუშავებელი  მრეწველობის ერთ საწარმოში. ყველა აღნიშნულ ობიექტზე ვრცელდება როგორც სამრეწველო გაფრქვევების დირექტივის, ასევე სევესოს დირექტივის მოქმედება.

მონაწილეები შეთანხმდნენ შემდეგ ძირითად შედეგებზე:

-სევესოს კანონმდებლობის (სამრეწველო საფრთხეების შესახებ)  და სამრეწველო გაფრქვევების დირექტივასთან (სამრეწველო დაბინძურება) დაკავშირებული კანონმდებლობის განხორციელება მოითხოვს აქტიურ ძალისხმევას შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით და დეტალური პროცედურების შემუშავებას განაცხადთა შეფასების, ნებართვების გაცემისა და ინსპექტირებისათვის.

-საჭიროა კოორდინირება სევესოს კანონმდებლობის განხორციელების პროცესში მონაწილე უფლებამოსილ ორგანოებს შორის.

-საჭიროა კოორდინირება სხვადასხვა გარემოსდაცვითი პროცედურების განხორციელებისათვის, როგორიცაა გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასება, სამრეწველო გაფრქვევების დირექტივის შესაბამისი ნებართვების გაცემის პროცედურები და სევესოს კანონმდებლობის ფარგლებში გათვალისწინებული პროცედურები.

– ჩეხეთის გამოცდილება სამრეწველო გაფრქვევების დირექტივის დებულებების განხორციელების სფეროში შესაფერის ნიმუშს წარმოადგენს საქართველოსათვის.

-ჩეხეთის რესპუბლიკაში არსებულ სამრეწველო ობიექტებს მოუწიათ მოდერნიზაციის პროცესის გავლა, რათა მორგებოდნენ სევესოსა და ინდუსტრიული გაფრქვევების დირექტივის კანონმდებლობის ფარგლებში არსებულ ახალ მოთხოვნებს, რაც დაკავშირებული იყო გარკვეულ ხარჯებთან, თუმცა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ოპერირების სარგებელი აღემატებოდა აღნიშნულ ხარჯებს.

დასკვნების შემცველი ანგარიშის შეჯამება საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ბმულზე:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები