ირაკლი კოვზანაძე: საქართველოს პარლამენტმა ბელორუსის პარლამენტთან ერთად შეიძლება ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმუშაოს

ბელორუსის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ბელორუსის რესპუბლიკაში იმყოფება, საქართველოს პარლამენტსა და ბელორუსის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებს ასახელებს.

„ვფიქრობთ, რომ საქართველოს პარლამენტმა, ბელორუსის პარლამენტთან ერთად, შეიძლება ვიმუშაოთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. რამდენიმე მიმართულებით კონკრეტული საკითხები შეიძლება წამოვწიოთ. ეს არის:  სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობა ბელორუსში განსაკუთრებით დაწინაურებულია და  მათ აქვთ კარგი გამოცდილება, რომელიც შეიძლება გავიზიაროთ; ასევე,  ეს არის მრეწველობა –  საინტერესოა ლიფტების წარმოება და ტრაქტორები. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია; ერთ-ერთი ასეთი საკითხია ფარმაცია, რომელიც ბელორუსში კარგად არის განვითარებული და ვფიქრობთ საინტერესო იქნება;  ასევე, ვაჭრობა – მოგეხსენებათ, რომ საქართველოში გახსნილია რამდენიმე ბელორუსული მაღაზია და მოთხოვნა ბელორუსულ პროდუქციაზე გაზრდილია; ასევე,  ტურიზმი – ეს ის მიმართულებებია, რომელსაც, ვფიქრობთ, რომ პარლამენტმა ხელი უნდა შეუწყოს“,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე თქმით, ეს საკითხები განიხილა ქართულმა მხარემ ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ბელორუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოსა და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრებზე.  ირაკლი კოვზანაძემ განცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის ბელორუსის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, ამ მიმართულებების განვითარებას, აქტიურად შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები