გიორგი ჯიქია მოსკოვის „სპარტაკთან“ კონტრაქტს 2022 წლამდე აგრძელებს
ფეხბურთელმა გიორგი ჯიქიამ მოსკოვის „სპარტაკთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე გააგრძელა. ამის შესახებ „სპარტაკის“ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი. ახალი კონტრაქტი 2022 წლის 31 მაისამდეა გაგრძელებული. რუსული მედიის ინფორმაციით, აქამდე მოსკოვის კლუბში ჯიქიას ხელფასი 700 ათას ევროს შეადგენდა.
მოსკოვში დაბადებული რუსეთის მოქალაქე გიორგი ჯიქია, „სპარტაკის“ მოთამაშე 2016 წელს გახდა, ის პერმის „ამკარიდან“ გადავიდა. წინა სეზონში ის, „სპარტაკთან“ ერთად, რუსეთის ჩემპიონი გახდა და რუსეთის ფედერაციის სუპერთასს დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, რუსულ მედიაში გავრცელდა მისი ინტერვიუ, სადაც ჯიქიამ საქართველოზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის მეგრელია, საქართველოში კი არსებობენ – „მეგრელები“, რომელთაც თავიანთი ენა აქვთ და ის საერთოდ არ ჰგავს ქართულს. ჯიქია იმის შესახებაც საუბრობს, რომ საქართველოში ზოგიერთი ადამიანი მას მოღალატეს უწოდებს, მაგრამ ეს სულაც არ ადარდებს, რადგან, რაც მთავარია, მას ოჯახის და მეგობრების მხარდაჭერა გააჩნია.
გიორგი ჯიქიას მშობლები წარმოშობით სოხუმიდან არიან. მისი დედა ორსულად იყო, როდესაც ოჯახს სოხუმის დატოვება მოუხდა. საქართველოში მას ახლო ნათესავები ჰყავს, რომელთა მოსანახულებლად 2016 წელს იყო.