ბლადაძის ავტოფარეხის მისაკუთრების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, მტკიცებულებად დაერთო
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა, „კვირას“ პრეს-კლუბში, სპეციალური ბრიფინგი გამართა და აჭარის მთავარ პროკურატურაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიერ, მოქალაქე როლანდ ბლადაძის ავტოფარეხის მისაკუთრების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე, სპეციალური განცხადება გააკეთა.
როგორც კაიკაციშვილმა განაცხადა, აჭარის პროკურატურამ ავტოფარეხის უკანონოდ მითვისების საქმეს „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, ბლადაძის ქონების ჩამორთმევის საქმეზე გადაღებული ფილმი დაურთო.
„როლანდ ბლადაძემ 2013 წელს მიმართა აჭარის პროკურატურას და ჩამორთმეული ავტოფარეხის საქმესთან საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება მოითხოვა.
„როდესაც სახელმწიფომ როლანდ ბლადაძეს უკანონოდ ჩამოართვა საცხოვრებელი ბინა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამორთმეულ ქონებათა შორის მითითებული არ იყო ავტოფარეხი, რომელიც როლანდ ბლადაძის საკუთრებაში არსებობდა. ჩამორთმეულ ქონებაში გიორგი პაპუაშვილის გადასვლის შემდგომ, ამ უკანასკნელმა, ამხანაგობის თავმჯდომარის დახმარებით, ავტოფარეხი საკუთრებად დაირეგისტრირა, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედება იყო. პრაქტიკულად, როლანდ ბლადაძემ ავტოფარეხის საკუთრების უფლება დაკარგა. აღნიშნული ავტოფარეხი არ ყოფილა ჩამორთმეულ ქონებათა ნუსხაში. როლანდ ბლადაძის მიმართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე. დაიკითხა არაერთი მოწმე, არაერთი მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი, ხოლო მთავარი სიახლე, რომელიც მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დღეს არსებობს – „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, აჭარის პროკურატურამ აღნიშნულ საქმეს დაურთო. კერძოდ, საუბარია ფილმზე -„სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“, რომელიც სრულად აღწერს როლანდ ბლადაძის ქონების ჩამორთმევის ისტორიას, პროკურატურის გადაწყვეტილებით, საქმეს აღნიშნული დოკუმენტი მტკიცებულების სახით დაურთეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტურობის და ჭეშმარიტების დადგენის მიმართულებით“, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.