იან კელიმ ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გახსნა

0

აშშ–ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გახსნა, რომელიც გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. დასაქმების ფორუმი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და „აშშ–ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის“ (EPAG) ორგანიზებით იმართება. მასში სხვადასხვა სფეროს 25–მდე ბიზნესკომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს.

როგორც ჟურნალისტებს „აშშ–ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის“ საბჭოს თავმჯდომარემ, დავით შერვაშიძემ განუცხადა, დასაქმების ფორუმი ღიაა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროგრამის მონაწილეებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

„დასაქმების ფორუმს ჩვენი ასოციაცია უკვე მესამედ მართავს. იდეა იმის გამო გაჩნდა, რომ ხშირად გვესმის ფრაზები, რომ საქართველოში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. ასოციაციის წევრი 700–მდე კურსდამთავრებულია, რომლებსაც განათლება ამერიკის წამყვან სასწავლო დაწესებულებებში აქვს მიღებული. სწორედ ამიტომ ჩვენ გვინდოდა, რომ დამსაქმებლებისთვის ეს კადრები შეგვეთავაზებინა“, – განაცხადა შერვაშიძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია საუკეთესო ახალგაზრდების დაკავშირება კომპანიებთან და მათთვის იმ შესაძლებლობების შეთავაზება, რაც მათ მომავალში დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.

„დღევანდელი ღონისძიება არის ნაწილი იმ საერთო ძალისხმევისა, რაც მიმართულია საქართველოს ახალგაზრდების და ზოგადად, საქართველოს დახმარებისთვის,“ – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი