გიორგი ცინცაძე: დღეს ქართულ კალათბურთს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას
საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა გაერთიანების ხელმძღვანელი, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე კალათბურთის ფედერაციის არჩევნებში შიო ხეცურიანს უჭერს მხარს.
როგორც გიორგი ცინცაძემ პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს ქართულ კალათბურთს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას.
ცინცაძე დარწმუნებულია, რომ შიო ხეცურიანის მიერ წარდგენილი პროგრამა ეფექტურ შედეგებს მოიტანს.
“მე შიოს ვუჭერ მხარს და ველოდები, რომ შიო გაიმარჯვებს. კალათბურთში დადგება ის პერიოდი, როცა წინსვლა იქნება. შეიძლება გარედან ისე არ ჩანს, მაგრამ დამერწმუნეთ, 15 წელია ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობ და თუ მოვა კალათბურთში ჩახედული ადამიანი და მეტყვის, რომ ამ სფეროში კარგი მდგომარეობაა, გამეცინება და ავუხსნი, რომ ასე არ არის. მჯერა, რომ შიო ყველაფერს შეძლებს, მას ვიცნობ დიდი ხანია, მის გვერდით ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანია და მჯერა იმ პროგრამის, რასაც შიო სთავაზობს ქართულ კალათბურთს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მის გვერდით ვიყო“,- განაცხადა გიორგი ცინცაძემ.
გიორგი ცინცაძემ კალათბურთელთა გაერთიანების დაარსების მიზეზებზეც ისაუბრა.
„რატომ დავაარსეთ კალათბურთელთა გაერთიანება? _ შარშან “ქუთაისში” ვთამაშობდი, მოვიგეთ საქართველოს თასი და კუთვნილი თანხა არ ჩარიცხეს. შემდეგ ჩამოვაყალიბეთ ეს მოთამაშეთა კავშირი, რათა დაგვეცვა მსგავსი ფაქტებისგან მოთამაშეები. ფაქტობრივად, უმრავლესობა პროფესიონალებისა მხარში გვიდგას და სამწუხაროა, რომ არ მოხდა ჩვენი გუნდის დარეგისტრირება ფედერაციის სრულუფლებიან წევრად. არ ვარ ჩახედული, ფედერაცია რას საქმიანობს. ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრები კარგად თამაშობს, მაგრამ ეს არ არის წინსვლა. ჩემი აზრით, დღეს ქართულ კალათბურთს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას და შველა სჭირდება”, – განაცხადა გიორგი ცინცაძემ.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ყოფილი კალათბურთელი, შიო ხეცურიანი აცხადებს, რომ კალათბურთის მოქმედი ფედერაცია, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების გაყალბებას ცდილობს და ამისთვის მიზანმიმართულად ღებულობს უსამართლო გადაწყვეტილებებს.
შიო ხეცურიანმა შესაბამისი განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების გამთამაშებელ გიორგი ცინცაძესთან ერთად გამართულ საგანგებო პრესკონფერენციზე გააკეთა. მისი თქმით, ფედერაციამ 64 კალათბურთელისგან შემდგარ, საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა გაერთიანებას ფედერაციის სრულუფლებიან წევრობაზე,შესაბამისად, პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მინიჭებაზე უარი უთხრა.
ხეცურიანი აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და თვლის, რომ მსგავსი ნაბიჯებით ფედერაცია, არჩევნების გაყალბებისთვის ნიადაგს ამზადებს.